მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკურატურამ ₾6 მლნ-ის მითვისებისთვის სამშენებლო კომპანია "ვივა ვაკის" დირექტორს ბრალი წარუდგინა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ სამშენებლო კომპანია "ვივა ვაკის" დირექტორს მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. ბრალდებულზე ძებნა გამოცხადდა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად პროკურატურა ავრცელებს.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2016 წელს, შპს "ვივა ვაკე" დააფუძნა და მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბინების შეძენის მსურველი პირები ყალბი სარეკლამო განცხადებებით მიიზიდა. კომპანიის დირექტორმა მოქალაქეებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, კორპუსის მშენებლობის დასრულებისა და მესაკუთრეთათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება აიღო, რის საფუძველზეც დაზარალებულებმა ვივა ვაკის საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხა ჩარიცხეს. ამ გზით, ბრალდებულმა ჯამში მოტყუებით 5 988 279 56 ლარი მიიღო, რის შემდეგაც სამშენებლო კომპანიამ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, არ განახორციელა სამშენებლო სამუშაოების წარმოება და საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა", - აცხადებს პროკურორი ნინო კეპულაძე.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, "ვივა ვაკე" 2016 წელს დაფუძნდა, კომპანიის დირექტორია ნიკა მერაბიშვილი. ინტერნეტში არსებული მონაცემების თანახმად, კომპანია ვაკეში ჟვანიას ქუჩაზე ავითარებდა 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პროექტს.

შპს ვივა ვაკის დირექტორს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა. მუხლი ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.