მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკურატურამ ილია ღუდუშაურს ბრალი წარუდგინა - მინისტრის ყოფილ მოადგილეს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ილია ღუდუშაური

საქართველოს პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება 70 ერთეული სასწრაფო დახმარების ავტომანქანის შესყიდვის პროცესში გამოვლენილ დარღვევებს.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა, რომელიც შედარებით მაღალი ფასის მქონე კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა, ხელოვნურად შექმნილი საფუძვლით უკანონოდ შეწყვიტა გამოცხადებული ტენდერი.

უწყების ინფორმაციით, 2023 წლის 10 მაისს, ბრალდებულის მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი შეცვლილი პირობებით, რომელიც მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე. გამოძიების თანახმად, აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელობასთან ბრალდებულს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა.

შედეგად, ტენდერი სხვა კომპანიების მონაწილეობის გარეშე, ყოველგვარი კონკურენციის გარეშე ჩატარდა და გამარჯვებულად წინასწარ შერჩეული კომპანია გამოვლინდა. წარმოდგენილი შედარებით მაღალი ფასის გამო, სამინისტრომ აღნიშნულ კომპანიას მინიმუმ 2 138 000 ლარით მეტი გადაუხადა.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულის ქმედებებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის 27 ივლისს ილია ღუდუშაურის ძმა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე და ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, მათ ბრალად თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარის გაფლანგვა ედებათ. სასამართლომ ვლადიმერ ღაუდუშაურ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები