მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით მტკიცებულებები გაასაჯაროვა

ჯანგველაძე

პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით მტკიცებულებები გაასაჯაროვა. ამის შესახებ დღეს უწყებაში ბრიფინგი გაიმართა.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური დამნაშავედ ცნო და უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ძმებს დავით და გიორგი მიქაძეებს ბიზნესს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით, დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება.

პროკურატურის ვერსიით, ამ მიზნით ბრალდებული მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც გაანდვეს მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა, რაზეც მისგან მიიღეს თანხმობა და სამივე მათგანმა დაიწყო დანაშაულის შემსრულებლის მოძიება.

ამ მიზნით ბრალდებულებმა შეარჩიეს და კომუნიკაცია დაამყარეს გიორგი ჯოხაძის ნდობით აღჭურვილ და დაახლოებულ პირთან გელა უძილაურთან, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მიღებული ჰქონდათ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის შეკვეთა და გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა, რასაც მსჯავრდებული უძილაური დათანხმდა.

"ბრალდებულები გიორგი ჯოხაძე, დავით და გიორგი მიქაძეები გელა უძილაურს სისტემატურად აწვდიდნენ დანაშაულის ჩადენისათვის საჭირო ინფორმაციას. ბრალდებულებმა გიორგი ჯოხაძემ და გიორგი კაჭკაჭიშვილმა ასევე ბრალდებულ სანდრო წივწივაძისგან მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი ,,GLOCK 19" მოდელის პისტოლეტი ბრალდებულმა ჯოხაძემ მსჯავრდებულ უძილაურს გადასცა", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, იმ დროს, როდესაც ლევან ჯანგველაძე მეგობართან ერთად ფეხით გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, გელა უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა ლევან ჯანგველაძის მიმართულებით. მიღებული დაზიანებების შედეგად ლევან ჯანგველაძე ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 17 მარტს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 17 327 ლარი და 2200 დოლარი.

გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ანგარებით და შეკვეთით), 19, 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები