პროკურატურის ინფორმაციით, აქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წარედგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 22 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს სახის არეში დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანება მიიღო.
ასევე ბრალდებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს, თავს დაესხა შსს საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, ავიდა მის სახურავზე და ფეხების დარტყმით განზრახ დააზიანა. ბრალდებულის ქმედებამ 3300 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.
პოლიციამ აქტივისტი იმავე დღეს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი ორი მუხლით: სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა. ბრალდება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

























