მთავარმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე გამოკითხა.
აღნიშნული ინფორმაცია BM.GE–ს პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურაში "თიბისი ბანკის" მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციაზე გამოძიება ფულის გათეთრების შესაძლო ფაქტზე მიმდინარეობს.
"როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქმეზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 2018 წლის 2 აგვისტოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2018 წლის 01 აგვისტოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწოდებული წერილობითი ინფორმაცია.
გამოძიების ამ ეტაპზე საქმეში არსებული მტკიცებულებებით იკვეთება შემდეგი სქემა:
2008 წლის აპრილ-მაისში - "თიბისი ბანკმა" მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებზე - "სამგორი M"-სა და "სამგორი თრეიდზე" სესხის სახით გასცა 17 მილიონი აშშ დოლარი.
იმავე დღეს, აღნიშნული 17 მილიონი აშშ დოლარი უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე. მაშინ როდესაც კომპანიებს ,,თიბისი ბანკიდან“ აღნიშნული სესხი აღებული ჰქონდათ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით და არა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის სესხის სახით გადასაცემად. ანუ საკუთარი ბანკიდან გაცემული 17 მილიონი აშშ დოლარი იმავე დღეს გადაირიცხა ხაზარაძე-ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე", – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული ტრანზაქციების გამო, ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკი" 1.1 მლნ ლარით დააჯარიმა და მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სამეთვალყურეო საბჭოს დატოვება მოსთხოვა. ამ უკანასკნელებმა საბჭოს დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. გარდა ამისა, ამ საკითხზე სებ–ის წინააღმდეგ "თიბისიმ" სასამართლო დავა შეწყვიტა, თუმცა ხაზარაძე და ჯაფარიძე, როგორც ფიზიკური პირები, დავას აგრძელებენ.

























