"პროკურატურის მიერ ასეთი განცხადების გაკეთება შესაძლოა გარკვეული საზოგადოებრივი აზრის შექმნასაც ემსახურება, მათ შორის ეს შეიძლება იყოს მცდელობა, რომ მთავრობის კონტროლირებადმა არხებმა შესაბამისი ინფორმაცია მუდმივად ატრიალონ საკუთარ ეთერში,"- BMG-სან განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.
სალაძის თქმით, დღევანდელ ბრიფინგზე პროკურატურას რეალურად ახალ გარეობებზე არ გაუკეთებია განცხადება.
"მე სხვა ტიპის საფრთხე მაშფოთებს - როდესაც პროკურატურაზე ვლაპარაკობთ, პროკურატურა და სასამართლო არის ორი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, სადაც ამ საქმის სიმართლე უნდა დადგინდეს. ერთის მხრივ პროკურატურამ, როგორც დამოუკიდებელმა უწყებამ უნდა შეისწავლოს ეს საქმე და მეორეს მხრივ, სასამართლომ ასევე პოლიტიკური პროცესებისგან აბსოლუტური დისტანცირებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი ამ პროცესში არის ის, თუ რამდენად დამოუკიდებელი შეიძლება იყოს პროკურატურა ამ საქმის გამოძიების დროს.
დღევანდელი განცხადების შემდეგ, შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ მე ვერ გავიგე რას ემსახურებოდა დღევანდელი ბრიფინგი, რა თქვეს მათ ახალი, რაც მანამდე არ იყო საზოგადოებისათვის ცნობილი. ტრანზაქციების და სხვა კომპანიების შემხებლობაზე ისედაც იყო გაცხადებული, არაფერი ახალი ჩემი ღრმა წრმენით პროკურატურას დღეს არ უთქვამს საზოგადოებისათვის და ეს ხდება მაშინ, როდესაც პარლამენტში იყო ჩანიშნული მოსმენა.
მარტივად რომ ვთქვათ, საქმეში, რომელშიც შესაძლოა დიდი პოლიტიკური ინტერესი იყოს, მასში პროკურატურის ასეთი აქტივობით ჩართვა და მის მიერ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ოღონდ არა ახალი ინფორმაციისა და ახალი არგუმენტებისა, არამედ საუბარი კონკრეტულ თარიღებსა და შესაძლო მოვლენებზე, ასეთ შემთხვევაში საზოგადოებას სრულიად ლეგიტიმურად შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი, რომ ერთი მხარის ინტერესებს ემსახურებოდეს ეს განცხადება და არა გამოძიების ინტერესებს,"- ამბობს სალაძე.

























