მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროკურორი: Tv Pirveli-ს დამფუძნებელთან გვქონდა ლეგიტიმური შეკითხვები

5d4c16434b840
სალომე მეცხვარიშვილი
08.08.19 16:29
815
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის პროკურორი განმარტებას აკეთებს საქმეზე Tv Pirveli-ს დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის გამოკითხვასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

როგორც არჩილ ტყეშელაშვილი ამბობს, გამოძიებას ლეგიტიმური კითხვები ჰქონდა ვახტანგ წერეთელთან, რომელიც 11 წლის წინ იყო “სამგორი მ”-ისა და “სამგორი ტრეიდის” წილის მფლობელს. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამ კომპანიებისგან მოხდა 17 მილიონი დოლარის სესხება ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ.

“მოგეხსენებათ, რომ ბატონი ვახტანგ წერეთელი სოციალურ ქსელში ავრცელებდა რიტორიკულ შეკითხვას, რატომ არ ხდებოდა მისი დაკითხვა? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს პიროვნება სასამართლოში დავკითხეთ, ძირითადად ჩვენს შეკითხვებზე მან პასუხი გასცა, რომ არ ახსოვს და მისი შემხებლობა ამ კომპანიებთან შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმით, რომ ეს იყო მათი ოჯახური ბიზნესი.

ვახტანგ წერეთელთან გვქონდა ლეგიტიმური შეკითხვები, ვინაიდან ის წარმოადგენდა “სამგორი მ”-ისა და “სამგორი ტრეიდის” წილის მფლობელს- ეს ის კომპანიებია, რომლებზეც მოხდა ამ თანხების სესხად გაცემა, შესაბამისად, ჩვენ გვქონდა შეკითხვები ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებით”,- აცხადებს საქმის პროკურორი.

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი პროკურატურაში 2 დღის წინ დაიბარეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პირად გვერდზე დაწერა.

„პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, tv “პირველს” არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ ! ყველას ვერ დააშინებთ ! ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ !”, - წერდა წერეთელი.

ვახტანგ წერეთელი იმ კომპანიების წილების მფლობელი იყო, რომლებიც ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში ფიგურირებენ.

მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.

პროკურატურა ასევე ირწმუნება, რომ ამ კომპანიებისთვის ნასესხები თანხა “თიბისის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ისესხეს, როგორც ფიზიკურმა პირებმა, შემდეგ კი ბანკმა ვალი ჩამოაწერა ორივე კომპანიას.

“2012 წელს „თიბისი“ ბანკმა საერთოდ გაათავისუფლა აღნიშნული კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, რაც განხორციელდა შემდეგნაირად: ,,თიბისი ბანკმა“ ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიები, ყოველგვარი სასესხო უზრუნველყოფის გარეშე, ჩაანაცვლა ერთი თვით ადრე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიით, რომელსაც საქართველოში არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა,”-აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურისვე ცნობით, ოფშორული კომპანიის მინდობილ პირს წარმოადგენდა პაატა ღაძაძე რომელიც ,,სამგორი M’’-ზე და „სამგორი თრეიდ“-ზე სესხების გაცემისას იყო „თიბისი ბანკის“ საკრედიტო კომიტეტის წევრი, ხოლო მათი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩანაცვლებისას იკავებდა ,,თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები