მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროკურორი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე: ზიანი მიადგა თიბისი ბანკს

5d3b323c1b5a0
ლიკა გურაბანიძე
26.07.19 21:10
1916
"ჩვენ ბრალდების დადგენილებაში ხაზგასმით გვაქვს აღნიშნული, რომ აღნიშნული ქმედებით ზიანი მიადგა "თიბისი ბანკს", - ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა თიბისის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღინისძიების სახით გირაოს შეფარდების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
 
"თუ ვის მიადგა ზიანი, ეს უკვე თვითონ დაცვის მხარისთვის არის ცნობილი და სასამართლოზე სწორედ ეს პოზიცია გაჟღერდა.

რაც შეეხება დაზარალებულად ცნობის საკითხს, ეს არის პროცესუალური საკითხი. პროცესუალური საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ თაღლითობაზე, რომელი ქმედებითაც "თიბისი ბანკს" ზიანი მიადგა, ამ კვალიფიკაციაზე ხანდაზმულობა არის გასული. ჩვენ თაღლითობის კვალიფიკაციით არ ვედავებით ბრალდებულებს, ვინაიდან ხანდაზმულია", - განაცხადა პროკურორმა.~

ცნობისთვის: საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით დღეს მიმართა.

"მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. პროკურატურა ბრალდებულებისთვის გირაოს სახით 1-1 მლნ ლარის შეფარდებას ითხოვდა. 

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

მისივე განცხადებით, ხაზარაძე და ჯაფარიძე ქვეყნიდან პროკურატურის ინფორმირების გარეშე ვერ გავლენ.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ჩაინიშნა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები