სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე.
ინფორმაციას "პუბლიკა" ავრცელებს. გამოცემის ცნობითვე, მან ჩვენება დისტანციურად მისცა. დღევანდელ პროცესზე მიქაუტაძემ მხოლოდ ბრალდების მხარის შეკითხვებს უპასუხა, რითაც პროკურატურამ მტკიცებულებების კვლევა დაასრულა.
დახურული სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა თქვა, რომ „რომეო მიქაუტაძის მეშვეობით კონკრეტულ ორ შემთხვევაში გრიგოლ ლილუაშვილმა აიღო ქრთამი“.
მისივე თქმით, მოწმემ თავადაც განმარტა, რომ პირადად გადასცა ნაღდი ფული უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილს და დავალებაც მიიღო, რომ თანხა მოეთხოვა მეწარმეებისგან.
„დღეს სასამართლოს წინაშე დაიკითხა კიდევ ერთი მოწმე რომეო მიქაუტაძე. ეს გაჟღერებული მოცემულობაა, რომ სწორედ რომეო მიქაუტაძის მეშვეობით კონკრეტულ ორ შემთხვევაში გრიგოლ ლილუაშვილმა აიღო ქრთამი. მოწმემ განმარტა, რომ მას პირადად ჰქონდა კავშირი და ურთიერთობა გრიგოლ ლილუაშვილთან, მათ შორის იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც ბრალად არის შერაცხილი. პირადად გადასცა და დავალებითაც პირადად მიიღო, რომ მოეთხოვა კონკრეტული თანხები მეწარმე პირებისგან. ნაღდი ფულის სახით, თავად გადასცა [რომეო მიქაუტაძემ] უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილს, ასე განაცხადა მოწმემ“, – განაცხადა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პროცესებზე დაკითხულია ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელმაც ისაუბრა იმაზე, როგორ გამოართვა მას მიქაუტაძემ თანხა და ეს შეფუთა, როგორც „სახელმწიფო ინტერესი“.
ლილუაშვილის ადვოკატი ლანა ცერცვაძე ამბობს, რომ ობიექტური და ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც რომეო მიქაუტაძის მონათხრობს დაადასტურებს, საქმეში არ არსებობს.
მისი თქმით, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც რომეო მიქაუტაძემ დღეს პროცესზე გააჟღერა, მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარდგენილი არ აქვს.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მიქაუტაძესთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, ნაცვლად მისთვის ახალი ბრალის წარდგენისა.
„შესაძლოა მასთან მოლაპარაკება მიმდინარეობდეს და სამომავლოდ, ალბათ, განხორციელდება კიდეც საპროცესო შეთანხმება ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით მასთან მოხდეს ბრალის წარდგენა.
რას ნიშნავს მოწმის მხრიდან იმგვარი ხასიათის ქმედებაში მისი მონაწილეობის დადასტურება და საკუთარი თავის მხილება? რატომ უნდა უღირდეს და უნდოდეს მას, რომ დაუმძიმდეს სამართლებრივად მდგომარეობა, ანუ მისჯილი წლები გაეზარდოს?“, – ამბობს ადვოკატი.
სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი სამართალდამცველებმა გასული წლის დეკემბერში დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე საქმის ფარგლებში გასული წლის დეკემბერში ბრალი წარედგინა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახაბერ გვანცელაძეს. პროკურატურის ვერსიით, გვანცელაძე ე.წ. ატკატების აღების სქემას ხელმძღვანელობდა, სადაც სააგენტოს სხვა თანამშრომლებიც იყვნენ ჩართულნი, ხოლო ლილუაშვილი მას დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ მფარველობდა.




























