მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პრომეთეს მღვიმეში ტუალეტი მთელი ზაფხული რემონტში იყო, სათაფლიაში არ მოდის წყალი, ტურისტულ ლოკაციებზე არაა wifi"

5bb87a605f933
თელარა გელანტია
06.10.18 12:32
3347
2018 წლის იანვარი-სექტემბრის თვის მონაცემებით, საქართველოს 3,772,102 ტურისტი ეწევია, რაც 17.7%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მზარდია საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ოდენობაც და წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-აგვისტოს მდგომარეობით, 2 მლრდ 233 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც +22.2%-იანი ზრდაა, თუმცა მიუხედავად ტურისტების და ტურიზმიდან შემოსავლების მზარდი სტატისტიკისა, დარგში გამოწვევაც ბევრია - ტურისტულ ქალაქებსა და რეგიონულ ცენტრებში საკმარისი სველი წერტილების არარსებობით დაწყებული, სხვა არაერთი პრობლემით დამთავრებული, განსაკუთრებით - რეგიონებში.

სწორედ ამიტომ Bm.ge ტურისტული სააგენტო „Travel To Georgia“-ს დირექტორს და საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელ ლაშა ბერეკაშვილს ესაუბრა, რომელიც ქუთაისში საქმიანობს და უკვე რამდენიმე წელია ტურიზმის ბიზნესითაა დაკავებული.

- რაში მდგომარეობს იმერეთში ტურიზმის ძირითადი გამოწვევები და პრობლემები?

- იმერეთის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის ყველაფერს აკეთებს მისი გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივი რესურსები, რაც გაგვაჩნია, მაგრამ მისი განვითარებისთვის და პროდუქტად შეფუთისთვის ძალიან ცოტა რამ კეთდება; მაგალითად, დაპირების მიუხედავად, წელს ვერ გაიხსნა კინჩხის ჩანჩქერის ახალი ტურისტული ატრაქცია, თეთრა მღვიმე წყალტუბოში (სამკურნალო დანიშნულების) და ნავენახევის მღვიმე ქუთაისთან; არსებული ტურისტულ ატრაქციებზე სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც დიდად არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით პრომეთეს ვიზიტორთა ცენტრის რეკონსტრუქციას, თუმცა ტუალეტი მთელი ზაფხული რემონტში იყო; სათაფლიის მღვიმის ვიზიტორთა ცენტრის ტერიტორიაზე ამ დრომდე არ არის წყალი - მიიყვანეს, მაგრამ ვინ უნდა ჩართოს და შემდეგ ოპერირება ვინ უნდა გაუწიოს, ამ დრომდე ვერ გაარკვიეს; ფაქტობრივად, არცერთ ტურისტულ ლოკაციაზე wifi ხელმისაწვდომი არ არის; არ არსებობს ტურისტული ატრაქციების მათან დამაკავშირებელი ერთიანი სატრანსპორტო საშუალება, რათა ტურისტებისთვის მათი მონახულება უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს.


- რა უნდა გაკეთდეს, პირველ რიგში?

- რამდენიმე პუნქტად ჩამოვაყალიბებ: 1. იმერეთში ტურის განვითარებისთვის, საჭიროა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მეტი აქტიურობა - ტრენინგებისა და სემინარების ნაწილი უნდა ტარდებოდეს ქუთაისსა და წყალტუბოში და ა.შ. გიორგი ჩოგოვაძე მხოლოდ თბილისის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ხომ არაა?! - რესურსები და ყურადღება თანაბრად უნდა გადაანაწილოს და რეგიონში მხოლოდ "ივენთებზე" არ უნდა ჩამოდიოდეს. კარგი იქნება, თუ იმერეთში ტურიზმში ჩართულ ადამიანებს შეგვხვდება და მოგვისმენს; 2. უნდა დაარსდეს ყოველწლიური ტურისტული ბაზრობები ქუთაისში ან წყალტუბოში, სადაც იმერეთში წარმოდგენილი ტურიზმის სექტორში ჩართული კომპანიები თუ პირები, თავიანთ თავს წარუდგენდნენ პოტენციურ კლიენტებს; 3. საჭიროა, სისტემატური ინფო ტურების ორგანიზება საზღვარგარეთის და ადგილობრივი ოპერატორებისთვის იმერეთის რეგიონში; 4. საჭიროა, ახალი ტურისტული მარშუტების წახალისება და ხელშეწყობა ( თანადაფინანსებით - სახელწმიფო + კერძო სექტორი); 5. მნიშვნელოვანია იმერეთის ტურისტული საინფორმაციო ბანერების განთავსება დედაქალაქის და ბათუმის ცენტრალურ უბნებში; 6. ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელები ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე უნდა იყოს არჩეული და არა - „გავლენიანი ბიძიების“ მიერ დანიშნული.

- რა უნდა გააკეთონ ადგილობრივმა და ცენტრალურმა მთავრობებმა ამ მიმართულებით?

- ადგილობრივ მთავრობას, ვურჩევდი მაქსიმალურად ახლოს იყოს კერძო სექტორთან, გაითვალისწინოს ტურისტული სეზონის დროს ინფრასტრუქტურული ღონისძიებების გონივრულად დაგეგმარება, ხელი შეუწყოს ახალი ტურისტული ატრაქციების მოწყობას ქალაქში და მის რეკლამირებას ადგილობრივ თუ საზღვარგარეთის ბაზრებზე. ცენტრალურ მთავრობას კი, ვურჩევდი - მეტ დეცენტრალიზაციას.

- რადგან დეცენტრალიზაცია ახსენეთ, თქვენ, როგორც ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი და ამავე დროს, ქუთაისელი - როგორ აფასებთ, ქუთაისისთვის საპარლამენტის ქალაქის სტატუსის მოხსნას და საპარლამენტო ცხოვრების სრულად თბილისში დაბრუნებას?

- პარლამენტის გადატანა ნიშნავს ქუთაისისთვის და მთლიანად დასავლეთის რეგიონისთვის მომავლის მოკვლას, ახალგაზრდობის გადინებას ქალაქებიდან და რაიონებიდან, ინვესტიციების და კერძო სექტორის ნაკლებ ინტერესს ამ ქალაქის მიმართ და რაც მთავარია, ქალაქის უფუნქციოდ, უსტატუსოდ დატოვებას.

- თქვენი დაკვირვებით - ყველაზე ხშირად რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ ტურისტები იმერეთს?

- შესამჩნევად გაზრდილია ტურისტების რიცხვი დასავლეთ ევროპიდან, ბრიტანეთიდან და ესპანეთიდან; ვფიქრობ, ამ ქვეყნებთან ტურისტული აქტივობები უნდა ჩატარდეს ძალიან ხშირად და ამას მასიური კამპანიის ხასიათი უნდა მიეცეს.

P.S. Travel To Georgia“-ს დირექტორის და საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელ ლაშა ბერეკაშვილის მიერ დასახელებული გამოწვევებით, bm.ge დაინტერესდება და პრობლემების გადაჭრის გზებზე შესაბამის უწყებებს დაუკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები