კომპანია „პროსერვისის“ ადმინისტრაცია, რომლის სერვერზე განთავსებულია სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები, განცხადებას ავრცელებს:
„გუშინ, 28 ოქტომბერს, გამთენიისას საქართველოს კიბერ სივრცეზე განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერ თავდასხმა. თავდასხმა ქვეყნის მასშტაბით რამოდენიმე კომპანიაზე განხორციელდა და ერთ-ერთი ადრესატი კომპანია პროსერვისის მფლობელობაში არსებული სასერვერო გახდა, სადაც განთავსებულია სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები. თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა კომპანია პროსერვისის სერვერებზე განთავსებული ვებგვერდების დიდი ნაწილი.
პრობლემის აღმოჩენისთანავე, კომპანია „პროსერვისმა“, შინაგან საქმეთა სამინსტროსთან და დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში დაიწყო მუშაობა პრობლემის სრულ აღმოფხვრაზე. 29 ოქტომბრის ღამის 3 საათზე უკვე აღდგენილი იყო პროსერვისის ჰოსტინგზე არსებული ყველა საიტი. ჰოსტინგ კომპანია ამ ეტაპზე უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობს.
ამ ეტაპისთვის კომპანია აგრძელებს მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ უსაფრთოხების დეპარტამენტთან, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან და დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია. თუმცა მიმდინარე საგამოძიებო სამუშაოებიდან გამომდინარე სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კომპანია „პროსერვისი“ დიდ ბოდიშს უხდის ყველა მის კუთვნილ სერვერებზე განთავსებული ვებგვერდის მფლობელებს და მადლობას უხდის ყველას ამ რთულ წუთებში თანადგომისა და დახმარებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

























