მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროტესტი, გაზრდილი მოსაკრებელი, ლიცენზიის გაუქმება - ბარსელონა ჭარბ ტურიზმს ებრძვის

turizmi

კანარის კუნძულებსა და მალიორკაზე დაწყებულმა პროტესტმა ბარსელონაში გადაინაცვლა - შაბათს, 6 ივლისს, 3 000-მდე მოქალაქემ ქალაქის ქუჩებში ჭარბი ტურიზმი გააპროტესტა, რაშიც 150-ზე მეტი ორგანიზაცია, სოციალური მოძრაობა და კოალიცია იყო ჩართული.

დემონსტრანტები წყლის თოფებით წუწავდნენ ტურისტებს, ისმოდა შეძახილები - “ტურისტებო, წადით სახლში!” გადაიკეტა სასტუმროებისა და რესტორნების ტერასებიც. პროტესტის მონაწილეები ხელისუფლებას ტურიზმის შესამცირებლად შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდნენ, ვიდრე სექტორი რეკორდულ მაჩვენებლებს დააფიქსირებს.

ბარსელონა ესპანეთის ყველაზე მონახულებადი ქალაქია და ჭარბ ტურიზმს ებრძვის. ქალაქი ყოველწლიურად 32 მილიონ ვიზიტორს იღებს, რომელთა უმრავლესობაც საკრუიზო გემებით სტუმრობენ.

ტურისტული მოსაკრებელი

ჭარბი ტურიზმის საპასუხოდ ქალაქის საბჭომ ტურისტული მოსაკრებელის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ბარსელონაში ტურისტული გადასახადი ისედაც იყო ყველაზე სწრაფად მზარდი მოსაკრებელი ევროპის მასშტაბით: 2012 წლის შემდეგ უკვე არსებულ რეგიონულ გადასახადს, დამატებით ქალაქის საფასურიც დაუწესეს.

2024 წლის აპრილიდან, ბარსელონას მოსაკრებელი 2.75 ევროდან 3.25 ევრომდე გაიზარდა, თუმცა შედეგი არც ამან გამოიღო, რის გამოც ქალაქში ვიზიტის ღირებულება ოქტომბრიდან, ერთ ადამიანზე ერთ ღამეში, 4 ევრომდე გაიზრდება. მოსაკრებელი დასარჩენი ობიექტის მიხედვითაც ივსება და, მაგალითად, 5 ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსებისთვის დამატებითი საფასური ღამეში 7.50 ევროა.

ტურისტული საცხოვრებლის ლიცენზია

ბარსელონას მერიამ ჭარბ ტურიზმთან საბრძოლველად რადიკალური ზომებიც შეიმუშავა - 5 წლის განმავლობაში ქალაქში 10 000-მდე ტურისტულ საცხოვრებელს ლიცენზია გაუუქმდება.

აღნიშნული ინიციატივის მიზანი ესპანეთში თავშესაფრის კრიზისის გადაჭრას ემსახურება, რომელიც ყველაზე მწვავედ ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებში, მათ შორის, ბარსელონაში დგას. ლიცენზიის გაუქმებით, ქალაქში არსებულ აპარტამენტებში პრიორიტეტი რეზიდენტულ განთავსებას მიენიჭება, ნაცვლად ტურისტულისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები