მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროტესტი იორმუღანლოში - მთავრობა ინვესტორთან მიწის გადაცვლას განიხილავს

5ba8dce9c163a
სალომე მეცხვარიშვილი
24.09.18 17:40
813
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, იორმუღანლოში მოსახლეობისთვის ცხვრის გადასარეკი ტრასის შესანარჩუნებლად მთავრობა ინვესტორთან მიწის გადაცვლას განიხილავს. ამის შესახებ გუბერნატორმა bm.ge-ს განუცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ინვესტორისთვის მიწის გადაცვლა ერთ-ერთი ალტერნატივაა, რომელიც განიხილება.

„ეს მიწა არის კერძო საკუთრება. მეცხვარეების ნაწილი ითხოვს, რომ ეს გზა დაეთმოთ მათ ისევ ცხვრის გადასაყვანად. ამ შემთხვევაში საჭიროა მესაკუთრის კეთილი ნება და მოლაპარაკებები.

საბოლოოდ, შეიძლება მიწის გაცვლაზე იყოს საუბარი. ის მიწის ნაკვეთი, სადაც მოსახლეობას უნდა, რომ იმოძრაოს, ეს მიწის ნაკვეთი დათმოს მესაკუთრემ და სანაცვლოდ სახელმწიფომ სხვა მიწის ნაკვეთი შესთავაზოს მას. ამაზე შუამდგომლობით მივმართავთ ეკონომიკის სამინისტროს, თუ თანახმა იქნება თავად მიწის მესაკუთრე“,- აცხადებს ქადაგიშვილი.

მისი თქმით, მსგავსი პროცესი შარშანაც იყო დაწყებული, მაგრამ მიწის მესაკუთრემ უკან დაიხია.

„ალტერნატიული გზა რა თქმა უნდა არსებობს, უბრალოდ, მეცხვარეები ამბობენ, რომ ინვესტორის გზა უფრო მოკლეა. ალტერნატიული გზა ჩვეულებრივად გახსნილია“,- აცხადებს გუბერნატორი.

შეგახსენებთ, შაბათს მეცხვარეებმა საპროტესტო აქცია გამართეს სოფელ იორმუღანლოში. ისინი იმ გადასარეკი ტრასით სარგებლობას ითხოვდნენ, რომელიც კომპანია „არიკ ჯგუფის“ ტერიტორიაზე გადის. ინვესტორი კი ამბობს, რომ ცხვრის ფარა აზიანებს ტერიტორიას, რომლის განვითარებასაც გეგმავს. ადგილზე ფისტის პლანტაციების გაშენება იგეგმება. მეორე მხრივ, მეცხვარეები არ არიან თანახმა, ისარგებლონ ალტერნატიული გზით, რომელიც უფრო შორია. მათი ნაწილის თქმით, ალტერნატიული გზაც ჩაკეტილია, თუმცა, ამას თავად გუბენატორი არ ადასტურებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები