დღეს, 14 იანვარს პროევროპული პროტესტის 48-ე დღეს, რუსთაველის გამზირი ტრადიციულად გადაკეტილია. პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელი რჩება - ისინი ახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
დღეს, დედაქალაქში გაიმართა თეატრების და მაყურებლები მარშში ტირანიის წინააღმდეგ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიდან რუსთაველის თეატრის მიმართულებით, რომლის მონაწილეებიც პარლამენტთან მყოფ მოქალაქეებს შეუერთდებიან. მსახიობებმა რუსთაველის თეატრის შენობაზე საპროტესტო ბანერი დაამაგრეს წარწერით - "ტირანიის წინააღმდეგ!". ამასთან, აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან.
დედაქალაქის გარდა პროტესტი გრძელდება ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის, მოქალაქეები ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. ასევე, აქცია იმართება აჭარის ტელევიზიასთან, სადაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდაჭერის მიზნით ჟურნალისტები შეიკრიბნენ და პირდაპირ ეთერს ითხოვენ.

























