"ლოპოტა ჰესის" სამშენებლო სამუშაობის დაწყება დროებით გადაიდო. ამის მიზეზი სოფელ ლაფანყურში, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტია. რამდენიმე დღეში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან ინვესტორი კომპანია შეხვედრას გეგმავს, რომელსაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
"ჩვენ გუშინ შევდიოდით მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების მიზნით, მცირე ტექნიკა შეგვყავდა ადგილზე, სამშენებლო ბანაკის ტერიტორიაზე დასაწყობება და დალაგება გვინდოდა. გუშინვე ცოტა არასასიამოვნო სიტუაცია შეიქმნა და მერიის თხოვნით, რომ განგვემუხტა სიტუაცია, ჩვენი ბრიგადა სამშენებლო მოედნიდან გამოვიდა. მადლობელი ვართ ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით.
რამდენიმე დღეში ჩავატარებთ კიდევ საუბრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან და დავბრუნდებით სამშენებლო ტერიტორიაზე. სამუშაოების თვალსაზრისით, ფართომასშტაბიანი, სრულფასოვანი სამუშაოების ჩატარებას ვაპირებთ და იმედია, ერთ წელიწადში დასრულდება", - განაცხადა პროექტის განმახორციელებელი კომპანიის "ლოპოტა ართანას" დირექტორმა ბიძინა იმნაძემ BMG-სთან საუბრისას.
რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიზეზებს, როგორც სოფელ ლაფანყურის მცხოვრები უჩა ქორეულაშვილი აცხადებს, ჰესის სამშენებლო ნებართვის გაცემას გარემოსდაცვით კუთხით, სათანადო კვლევები წინ არ უძღოდა. შეხვედრაზე სოფლის მოსახლეობა საკუთარი არგუმენტებით აპირებს მისვლას.
"ეს შეხვედრა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ხდება, მე ეს მერთან საუბრის დროსაც ავხსენი, რომ ის არ არის ინფორმირებული, არ გაუვლია ეს საკითხი, ახალი მერია. წინა მერთან არართხელ გვისაუბრია და ის გარკვეული იყო. ახლა ვინაიდან ახლიდან გვიწევს, არც ეს არის პრობლემა. ჩვენ მოვალთ ჩვენი დოკუმენტაციით, არგუმენტებით", - განაცხადა უჩა ქორეულაშვილმა.
როგორც BMG-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, შეხვედრა, სავარაუდოდ, შაბათს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ "ლოპოტა ჰესის" მშენებლობა 10 მილიონი დოლარი ჯდება და მისი სიმძლავრე 5.9 მეგავატი იქნება. პროექტს ქართულ-იტალიური კომპანია "ართანა ლოპოტა" ახორციელებს. ჰესის მშენებლობის დაწყებას ინვესტორი ორ წელზე მეტია, უშედეგოდ ცდილობს. 3 წლის განმავლობაში კომპანიამ 1 მლნ დოლარის ფინანსური რესურსით საჭირო კვლევები ჩაატარა და პროექტის განხორციელების ნებართვა 2019 წელს მიიღო.