სოფელ შუქრუთში, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ ადგილობრივების საპროტესტო აქცია უკვე მე-19 დღეა გრძელდება.
როგორც შუქრუთის მცხოვრები და საპროტესტო აქციის მონაწილე, გიორგი ნეფარიძე BM.GE-სთან აცხადებს, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზთან" შიდა მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება, თუმცა რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე ჯერჯერობით არ არიან მისული.
"კომპანიასთან შიდა კომუნიკაცია სულ გვაქვს. ჩვენ მათთან დიალოგისთვის თავი არასოდეს აგვირიდებია. პირიქით, სწორედ იმას ვითხოვთ, რომ კონსტრუქციული დიალოგით ერთობლივ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე არ მივსულვართ, თუ რამე კონკრეტულზე შევჯერდებით, აუცილებლად ყველა გაიგებს. რაც იყო 19 დღის წინ, ახლაც იგივე მდგომარეობაა.
იმის მაგივრად, რომ საპროტესტოდ გამოსული ხალხის ნაკადი შემცირებულიყო, პირიქით, მათი რაოდენობა გაზრდილია, შესაბამისად, საპროტესტო აქცია გრძელდება და იქამდე გაგრძელდება, სანამ რაიმე შედეგს არ მივიღებთ," - განაცხადა შუქრუთის ერთ-ერთმა მკვიდრმა.
რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობას, მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე მოსახლეობას არავინ გამოხმაურებია.
ინფორმაციისთვის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ შუქრუთის მაღაროსთან 13 მარტს კარავი გაშალა და საპროტესტო აქცია დაიწყო. მათი განცხადებით, მაღაროში მიმდინარე მიწისქვეშა სამუშაოების გამო მათ სახლებს დანგრევა ემუქრება და ამის სანაცვლოდ, „ჯორჯიან მანგანეზისგან“ კომპენსაციას ითხოვენ.