დამოუკიდებელ კონსულტანტის, კახა სამყურაშვილის შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის წარმატებით გასაგრძელებლად მნიშვნელოვანია პროცესში მონაწილე ან პროცესისადმი სოლიდარული სოციალური ფენების გაფართოება.
მან პროევროპულ პროტესტში სხვადასხვა სოციალური ფენების ჩართულობაზე შეფასება სოციალურ ქსელში დაწერა.
კახა სამყურაშვილი მიუთითებს, რომ არსებული ვითარების შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია დანახარჯების შემცირება არაპირველადი მოხმარების პროდუქტებსა და მომსახურებებზე.
"ბოლო წლების სწრაფი ეკონომიკური ზრდის შედეგად, საშუალო ფენა საკმაოდ გაძლიერდა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ პოლიტიკური თავისუფლებების მოთხოვნა ყველაზე ძლიერი ამ სეგმენტშია. პროტესტს, რომელიც მეტწილად თბილისსა და ბათუმშია კონცენტრირებული, სწორედ ურბანული საშუალო ფენა უდგას ავანგარდში.
საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში გარკვეულწილად გაუმჯობესდა დაბალშემოსავლიანი ფენის მდგომარეობაც. თუმცა, პროცესში მათი ჩართულობა საგრძნობლად ნაკლებია. ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება განაპირობებდეს, მათ შორის: 1) მათთვის პროტესტის მოთხოვნების ნაკლები სიცხადე და არარელევანტურობა 2) წარსულში მშრომელთა სოციალური ჯგუფების - კურიერები, მაღაროელები, მეშახტეები - პროტესტებისადმი ნაკლები სოლიდარულობა და 3) დაბალი ინფლაცია. ვფიქრობ, პროტესტის წარმატებით გასაგრძელებლად მნიშვნელოვანია პროცესში მონაწილე ან პროცესისადმი სოლიდარული სოციალური ფენების გაფართოება.
თუმცა, საერთოა მოცემულობა, რომ ყველა ფენისთვის დაკარგულია ნორმალურობის განცდა. ამასთან, არ ჩანს ნიშანი მისი მალე დაბრუნების, რაც სერვისებზე დამოკიდებული ეკონომიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ნორმალურობის განცდის დაბრუნების გარეშე მოსალოდნელია დანახარჯების შემცირება არაპირველადი მოხმარების პროდუქტებსა და მომსახურებებზე, განსაკუთრებით საშუალო ფენის მხრიდან. არსებულ გარემოებებში, რეკრეაციულ აქტივობებში (რესტორანი, თეატრი, მოგზაურობა და ა.შ.) თანხის დახარჯვა მორალურადაა რთული, ხოლო მსხვილ შენაძენებზე (ავტომობილი, უძრავი ქონება და ა.შ.) რაციონალურად",- აღნიშნავს კახა სამყურაშვილი.