მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პროცესი შეჩერებულია" - APM ფოთის პორტის გაფართოების პროექტზე მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინშია

apm terminals ეიპიემ ტერმინალსი ფოთის პორტი

APM Terminals-მა ფოთის პორტის გაფართოების შესახებ მთავრობას შესაბამისი ნებართვის მისაღებად პროექტი 2024 წლის პირველ კვარტალში წარუდგინა, თუმცა ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ამის შესახებ კომპანიის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია APM Terminals-ი პორტის გაფართოების პროექტზე არაერთი წელია მუშაობს. კომპანიის წლიური ანგარიშის თანახმად, არსებული პორტის მიმდებარედ, ჩრდილოეთით იგეგმება ახალი 330-მეტრიანი ნავმისადგომის და 1,500-მეტრიანი ტალღმჭრელის მშენებლობა. ამასთან, პორტთან 6.8 ჰექტარის ტერიტორიაზე საკონტეინერო ტერმინალის მოწყობა იგეგმება.

ახალი ტერმინალის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონ დოლარამდეა.

"კომპანიამ წარადგინა ამჟამინდელი ლოკაციის ჩრდილოეთით გაფართოების პროექტი. მინიმუმ 1,500-მეტრიანი ტალღათსაჭრელის მშენებლობის წარმატებით დასრულების შემდეგ, პროექტი მოიცავს დამატებითი, მინიმუმ 330-მეტრიანი ნავმისადგომის მშენებლობას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება ყოველწლიურად დაამუშაოს სულ ცოტა 400,000 TEU (ოცფუტიანის ეკვივალენტი ერთეული) ტვირთბრუნვა, აგრეთვე, პროექტი მოიცავს მინიმუმ 6.8 ჰექტარ სასაწყობო ტერიტორიას თანამედროვე სამუშაო მოწყობილობებითა და ინფრასტრუქტურით. მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით, PSPC-მ 2024 წლის I კვარტალში კონსტრუქციულად დაასრულა მთავრობასთან საჭირო ხელშეკრულებების მომზადება და ორივე მხარის დადებითი ჩართულობის საფუძველზე მზად იყო ხელის მოსაწერად. მას შემდეგ პროცესი შეჩერებულია და PSPC ელოდება გადაწყვეტილებას და შემდგომ ნაბიჯებს მთავრობისგან.

შუალედში, PSPC აპირებს ყურადღება გაამახვილოს ამჟამინდელ ნავსადგურში რეინვესტირებაზე, რათა შექმნას დამატებითი შესაძლებლობები საკონტეინერო და ნაყარი ტვირთისთვის,"- ნათქვამია APM Terminals-ის მმართველობით ანგარიშში.

ფოთის პორტის ანგარიშში ასევე საუბარია 2024 წელს პორტის ფინანსურ შედეგებზე. გასულ წელს პორტის შემოსავალმა 224 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით ნაკლებია. კომპანიის მიერ მიღებული მოგება გასულ წელს 97 მილიონი ლარი იყო. შედარებისთვის, 2023 წელს პორტის მოგება 113 მილიონი ლარი იყო.

ცნობისთვის, ფოთის პორტის გაფართოების და ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესი ბოლო წლებია როგორც კომპანიის, ისე ხელისუფლების მხრიდან ანონსდება. უკანასკნელი გეგმით, მთავრობასა და ინვესტორს შორის 2023 წელს უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, 2024 წელს დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები და 2026 წელს APM Terminals-ს ფოთს ახალ პორტში პირველი გემი უნდა მიეღო, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები