მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პური 5-7 თეთრით გაძვირდება - პურის მცხობელთა ასოციაცია

პურის მცხობელთა ასოციაცია

პურის ფასი შეიძლება 5-7 თეთრით გაიზარდოს, საგანგაშო რაღაც არ არის, მთავარია პური გამოცხვეს - ასე პასუხობს პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე BMG-ის კითხვას რა გავლენას იქონიებს სახელმწიფოს მიერ ფქვილის იმპორტის გაზრდილი გადასახადი პირველადი მოხმარების პროდუქტის საბოლოო ღირებულებაზე.

თამაზ დოლიძე 2023 წელს ფქვილის გაიაფების პარალელურად, პურის მწარმოებლების მხრიდან, პურის 10 თეთრის გაიაფების გადაწყვეტილებას იხსენებს და ამბობს, რომ დღეს პირველადი მოხმარების პროდუქტის ღირებულება იმ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს.

„მოდით პრაგმატულად შევხედოთ, 1 ტონა ხორბლის ღირებულება თუ 700-800 ლარი იყო, ახლა 1000 ლარს ასცდა. ანუ მომატებულია ფასი - ფაქტია. მე რომ ფქვილის ფასზე ვილაპარაკო, ძალიან ბევრი რამ არის შეცვლილი.

დღევანდელი სიტუაციიდან და წარმოების აუცილებლობიდან გამომდინარე, ბევრი ნიუანსია. ერთ მაგალითს მოგიყვანთ - დღეს, პურის გადამტანი მანქანა არ შეიძლება 2013 წლამდე იყოს, რადგან ქვეყანაში ამ წლოვანების მანქანების შემოყვანა აიკრძალა, უფრო ახალი მანქანების შემოყვანა კი ორჯერ ძვირი ღირს. ჩვენ ხო უნდა შევიძინოთ ეს მანქანები... მთელი რიგი მომენტებია, აღარ ვსაუბრობ ჯარიმებზე, საფუარზე, მარილზე, დამხმარე მასალებზე, შესაფუთ მასალებზე...

პურის ფასი ზოგმა შეიძლება 5 თეთრით, ზოგმა - 7 თეთრით შეცვლოს, ეს წარმოების საჭიროებიდან გამომდინარე იქნება. აქ საგანგაშო რაღაც არ არის, მთავარია პური გამოცხვეს და მომხმარებელს მივაწოდოთ და ეს პროდუქცია ხარისხიანია. სტანდარტი არ ითვალისწინებს, მაგრამ დღეს ყველა პური შეფუთული გამოდის, რაც რამდენიმე თეთრით აისახება პურის ფასში“, - აღნიშნავს მალხაზ დოლიძე.

ფქვილზე საიმპორტო გადასახადი ერთი თვით, 2025 წლის 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. ამასთან, გაიზარდა იმპორტის საფასური.

უფრო კონკრეტულად, 28 თებერვლის დადგენილების მიხედვით, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, იმპორტიორს მოუწევს ყოველ კილოგრამზე 0.30 ლარი, ანუ ტონაზე 300 ლარი. მაშინ, როცა აქამდე საფასური 1კგ-ზე 0.25 ლარი იყო, ანუ ტონაზე 250 ლარი.

დაკორექტირდა გადასახადი ქერსა და ქატოზეც და გაორმაგდა 10 თეთრის ნაცვლად, კილოგრამზე 20 თეთრი გახდა და 100 ლარის ნაცვლად, ორასი ლარი იქნება.

როგორც ცნობილია, მთავრობამ ბოლოს ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2025 წლის 1-ელ მარტამდე გაახანგრძლივა. შესაბამისი დადგენილება 2024 წლის 27 აგვისტოს გამოიცა. საიმპორტო გადასახადი გახანგრძლივდა ქერსა და ქატოზეც. მთავრობის დადგენილებით, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, 1 ტონა ხორბლის ფქვილის იმპორტის გადასახადი ისევ 250 ლარია. რაც შეეხება ქერს და ქატოს, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ქერის და ქატოს იმპორტისას 1 ტონაზე გადასახადი 100 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები