მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პური ნოემბერში დაახლოებით 10 თეთრით გაძვირდა - "იფქლი დიღომი" მიზეზზე

იფქლი

პური ნოემბერში დაახლოებით 10 თეთრით გაძვირდა. აღნიშნულს ადასტურებენ პურის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ კომპანია “იფქლი დიღომშიც”. როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა სოფიო ბედიაშვილმა Bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა, არა მხოლოდ მათი, არამედ სხვა მწარმოებლების პურიც გაძვირდა.

საქმე ისაა, რომ პური ნოემბერში TOP-10 გაძვირებულ პროდუქტებს შორის მოხვდა. საქსტატის ცნობით, წლიურად პურის ფასი, გასულ თვეს 21.5%-ითაა გაზრდილი.

"სტანდარტულად, რაც ემატება ხოლმე პურის ფასს, არის 10 თეთრი, ანუ ამაზე დიდი ნამატი არასდროს არ აქვს. სრულიად ყველა წარმოების შემთხვევაში, რომელიც საქართველოშია - თონეებით დაწყებული, ეს ცვლილება აბსოლუტურად ყველასთან დაფიქსირდა”, - აღნიშნა სოფიო ბედიაშვილმა.

მისი თქმით, ძირითადად, პურის ფასის ცვლილებას მისი მთავარი ინგრედიენტის - ფქვილის ფასის ცვლილება იწვევს.

“პირველ რიგში, რაც ფასის ცვლილებას განაპირობებს, არის მისი ინგრედიენტები და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ფქვილზეა საუბარი, ვინაიდან ის პურის წარმოებაში ყოველთვის მთავარი კომპონენტია. თუ ძვირდება ნედლეული, შესაბამისად, ეს ისახება საბოლოოდ პროდუქტზე. ამას გარდა, ფასზე გავლენას ახდენს მუშა ხელი, ანუ უკეთესად რომ მოვიზიდოთ მუშა ხელი, გვიწევს, რა თქმა უნდა, ჩვენი საოპერაციო ხარჯის გაზრდაც და ანაზღაურების ზრდაც, ე.ი. რომ შევინარჩუნოთ ეს კადრები, რომ წარმოებამ იარსებოს და იმუშაოს. ეს ყველაფერი, ჯამურად, რა თქმა უნდა, ისახება საბოლოოდ პროდუქტის ღირებულებაზე.

თუ არის ფქვილის ფასი დაკლებული, პურთანაც ფასის კლებაა ხოლმე, ფქვილის ფასმა მოიმატა მკვეთრად და შესაბამისად, მერე პროდუქტზეც აისახა”, - განაცხადა “იფქლი დიღომის” მარკეტინგის მენეჯერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები