პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის განცხადებით, კვერცხის მსგავსად, პურზე ფასების შემცირება ან გაზრდა არ იგეგმება. როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, პურის დარგი ყველაზე გამჭვირვალეა.
ცნობისთვის, დღეს კვერცხის მწარმოებლებმა - „კოდამ“, „კუმისმა“, „სავანეთმა“ და „დილამ“ განაცხადეს, რომ პრემიერის ინიციატივის გათვალისწინებით, კვერცხის ფასის 5%-იანი შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.
„პური პროდუქტებს შორის ყველაზე ხუთოსანია, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ყველაზე სტაბილური ფასი უჭირავს“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, პურის სექტორი 5%-იანი მოგებით მუშაობს.
„პურზე სადმე გაგიგიათ ლაპარაკი, რომ ძვირია. პური არის ყველაზე გამჭვირვალე დარგი. რა ღირს ელექტროენერგია, გაზი, ფქვილი? - იანგარიშეთ. პური 5%-იანი მოგებით მუშაობს. ახლა პურზე ლაპარაკი როგორ შეიძლება? პური პროდუქტებს შორის ყველაზე ხუთოსანია, იმიტომ რომ უჭირავს წლების განმავლობაში ყველაზე სტაბილური ფასი“, - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.
მისივე თქმით, პურის ფასზე ცვლილება შესაძლოა გამოიწვიოს რუსული ხორბლის მოსალოდნელმა გაძვირებამ.
„პურის ფასის შემცირება ან გაზრდა არ იგეგმება. ერთადერთი - ბოლო ხანებში რუსული რუბლი მყარდება, ამან შეიძლება რუსული ხორბლის ფასის მატება გამოიწვიოს. ეს უკვე არასასიამოვნოა, ვინაიდან ხორბალმა თუ მოიმატა, ფქვილის ფასი გაიზრდება. ამიტომ ჩემი ყოველდღიური ფიქრი იმაზეა, რომ ეს ფასები შევინარჩუნოთ და სტაბილურობა გვქონდეს“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, „ფასების სამთავრობო კომისიის“ წარმომადგენლების მწარმოებლებთან შეხვედრას მეპურეთა ასოციაცია არ ესწრებოდა, ვინაიდან მალხაზ დოლიძის თქმით, „მათ არ დაუძახეს. ძალიან კარგად იციან, რომ არც არის დასაძახებელი“.
ეროვნული ბანკის განცხადებით, „ადგილობრივი ინფლაციის ზრდას ყველაზე მეტად პურის, ძროხის ხორცისა და ყველის ფასები განაპირობებს (ჯამში 3.4 პპ-ით)”.
რაც შეეხება ხორბლისა და ფქვილის იმპორტის ტენდენციას, საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველომ 128.5 მილიონი აშშ დოლარის 515 719 ტონა ხორბალი იყიდა. 2024 წელთან შედარებით თანხაში ზრდა 68.7%, ხოლო მოცულობაში 58%-ია. საქსტატის მონაცემებით, მთავარი იმპორტიორი კვლავ რუსეთია, თუმცა მონაცემების მიხედვით, 70-ჯერ გაიზარდა იმპორტი ყაზახეთიდან.
საქმე ის არის, რომ ყაზახეთში გასულ 2024 წელს ხორბლის რეკორდული მოსავალი მოვიდა. მარცვლეულის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის კი ქვეყნის მთავრობამ მარცვლეულის ექსპორტის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 2025 წლის თებერვლიდან ამოქმედდა და ძალაში სექტემბრამდე იყო.
რაც შეეხება ფქვილს, 2025 წელს მონაცემები შემცირებულია. 12 თვეში საქართველომ 10.4 მლნ აშშ დოლარის 28 049 ტონა ხორბლის ფქვილი იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 18.5 მლნ აშშ დოლარის 70 866 ტონა.




























