პურის დისტრიბუტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები ათი ათასობით ლარს აღწევს, რაც პროდუქციის საბოლოო ღირებულებაზეც აისახება - ამბობს BMG-სთან „პურის მცხობელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი.
როგორც მალხაზ დოლიძე ამბობს, პურის, როგორც პირველადი მოხმარების პროდუქტის, მომხმარებლამდე დროულად და შეუფერხებლად მიწოდება მწარმოებლებისა და დისტრიბუტორებისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა - შეფერხებული პარკირებისა და ე.წ. ყვითელ ხაზებში მოძრაობის გამო, პურის დისტრიბუტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები მწარმოებლებს დიდ ფინანსურ წნეხში აქცევს.
„სამმა ქარხანამ დამირეკა, იმდენად დიდი ჯარიმები მოუვიდათ, რომ ხელფასების გაცემასაც კი ვეღარ ახერხებენ. ზოგიერთი მაღაზია დღეში სამჯერაც ითხოვს პურის მიწოდებას, შედეგად, ჩვენი მანქანები მუდმივად საჯარიმო სანქციების ქვეშ ხვდებიან - ყვითელი ხაზის გადაკვეთა, მანქანის გაჩერება დიდი პრობლემაა. მაღაზიების უმეტესობას არ აქვს უკანა ბაქანი, რომ პროდუქცია მიიღოს. ამიტომ, ჯარიმებმა რამდენიმე ათასს გადააჭარბა. ერთ ქარხანას 25 ათასი ლარის ჯარიმა დაუგროვდა, მეორეს 27 ათასი და ა.შ. ეს ყველაფერი თვითღირებულებას აწვება, ამიტომ, ამას უნდა ხელშეწყობა. ვთხოვ, ქალაქის მერსაც და საკრებულოსაც, რომ ეს საკითხები აუცილებლად გულთან მიიტანონ. იმიტომ, რომ ეს ჯარიმები აუცილებლად აისახება პურის ფასზე“ - ამბობს მალხაზ დოლიძე.
მისივე თქმით, პრობლემურია განაწილებაც - დედაქალაქი ყოველდღიურად 400 ტონამდე პურს მოიხმარს, მაღაზიების უმეტესობას კი, ერთბაშად, დილის 9-დან 10 საათამდე სჭირდება პურის მიწოდება. გამოსავალი, კი მალხაზ დოლიძის თქმით, ღამის მომარაგების ნაწილობრივი აღდგენა იქნებოდა, რაც დილის
„მთელ მსოფლიოში საკვები პროდუქტების მიწოდება ღამით ხდება. ჩვენთან კი, ადრე თუ 30% მაინც ღამით მარაგდებოდა, დღეს ეს სისტემა სრულად მოშლილია. ღამის თბილისი ვერა და ვერ ამუშავდა. მაღაზიებს არ ჰყავს ღამის მიმღები პერსონალი და მთელი დატვირთვა დღის საათებზე მოდის, რაც ისედაც გადატვირთულ ქუჩებში დამატებით პრობლემებს ქმნის“ - ჩივის მალხაზ დოლიძე.
პური ნოემბერში დაახლოებით, 10 თეთრით გაძვირდა. როგორც „პურის მცხობელთა ასოციაციაში“ განმარტავენ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ერთ-ერთი მიზეზი ჯარიმები და გაზრდილი საოპერაციო ხარჯებიც იყო. დამატებითი ფინანსური წნეხის თავიდან ასაცილებლად, სექტორი მერიისა და საკრებულოსგან პურის მანქანებისთვის წესების გამარტივებას ითხოვს.




























