პურის საწარმო "იფქლი დიღომის" გენერალური დირექტორის, ნისან იოსებაშვილის განცხადებით, პურის ფასის გაზრდა ჯერჯერობით არ განიხილება. ამის შესახებ მან BM.GE-სთან განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სამინისტროსთან ერთად მეწარმეები აქტიურად მუშაობენ.
აღსანიშნავია, რომ დღეს "ქართული ოცნების" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის, პურის მრეწველთა კავშირის და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, მინისტრმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, სექტორში არსებული ვითარების დეტალები განიხილა.
„პურის ფასის გაზრდა ჯერჯერობით არ განიხილება. მესმის, რომ ფქვილი გაძვირდა, მაგრამ ამ საკითხზე ვმუშაობთ, განვიხილავთ. ეს საკითხი ჯერჯერობით არ არის მზად და ამ თვეში სავარაუდოდ არც იქნება.
პური არ არის ისეთი პროდუქტი, რომ დღეს ფასი გაზარდო და ხვალ დააკლო. ეს არ არის მარტივი საკითხი. ფქვილის ფასი რომ იზრდება გასაგებია, მაგრამ ხომ უნდა გაჩერდეს რაიმე ნიშნულზე, რომ ჩვენც პურის ფასი გამოვიტანოთ. ამიტომ, ჩვენ ზუსტი, რეალური ფასი არ ვიცით. ამ თემაზე საუბარი ჯერ ადრეა“, - ამბობს იოსებაშვილი.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას, ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ რაიმე კონკრეტული საკითხი მათი მხრიდან არ განხილულა და შეხვედრა ახალი მინისტრის გაცნობას ემსახურებოდა. თუმცა, აღნიშნა, რომ დისტრიბუციის საკითხი, რომელიც პრობლემაა, მათი მხრიდან მინისტრთან იყო განხილული.
„ჩვენი მხრიდან რაიმე საკითხი არ იყო დაყენებული, თავად მისი სურვილი იყო, რომ გაეცნო მეწარმეები. მე პურს ექსპორტზე ვუშვებ და ინტერესი იყო, რომ შემხვედროდა.
დისტრიბუციის პრობლემა იყო და მინისტრთან ეს საკითხიც დავაყენეთ. მან გვკითხა, თუ რით შეუძლიათ დახმარება“, - ამბობს პურის საწარმო "იფქლი დიღომის" გენერალური დირექტორი.



























