პურის გაძვირების მიზეზების გასარკვევად, კონკურენციის სააგენტო ინფორმაციის შეგროვებას თებერვლის ბოლოსთვის დაასრულებს, თუმცა როდის დაიდება საბოლოო დასკვნა, უწყების ხელმძღვანელი ნოდარ ხადური ჯერ ვერ აკონკრეტებს.
„დაწყებული გვაქვს ორი მიმართულებით ინფორმაციის გამოთხოვა, ესენია: პურის საცხობები და წისქვილკომბინატები. გარკვეული ინფორმაცია მიღებული გვაქვს, გარკვეული სახის ინფორმაციის მიღების პროცესში ვართ და ვამუშავებთ. საკმაოდ დიდი ინფორმაციაა მოწოდებული, ფრაგმენტულად მასზე საუბარი არ იქნება სწორი. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადებში შევეცდებით, რომ საერთო სურათი დავდოთ“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა bm.ge-თან საუბრისას.
მისი თქმით, გამოთხოვილი ინფორმაცია მოიცავს კომპანიების წარმადობას, რა ფასად ყიდულობენ ფქვილს ან ხორბალს, რა ფასად ყიდიან მზა პურს და ფქვილს და ა.შ.
ხადური ამბობს, რომ ასევე უწყებამ გამოითხოვა ინფორმაციები ენერგო და წყლის კომპანიებისაგან ფასების დინამიკის შესახებ და ინფორმაციები ფქვილის იმპორტიორი კომპანიებისაგან, ყოველდღიური ფასების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში პურის გაძვირებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს მოკვლევის ჩატარება დაავალა. მაშინ მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, პურის ფასის მკვეთრი გაძვირება ბაზარზე არასამართლიან კონკურენციას უკავშირდებოდეს.

























