მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პურის გაძვირების მიზეზები

5a5c5f50a93e6
ელენე გოგბერაშვილი
15.01.18 12:00
1248
ყველაზე მოთხოვნადი სამომხმარებლო პროდუქტი - პური გაძვირდა. მწარმოებლებს პროდუქციის თვითღირებულება გაეზარდა, რამაც პურზე ფასის 5-10 თეთრით ზრდა გამოიწვია. ფასის მატება დროში დაემთხვა ელექტროენერგიის ტარიფის 1,5 თეთრით გაძვირებას, თუმცა, როგორც მწარმოებლები BM.GE-თან აცხადებენ, ფასების ზრდის მიზეზი არა ენერგომატარებლებზე ფასის მატება, არამედ ნედლეულის გაძვირება გახდა.

პურის ფასთწარმოქმნაში ყველაზე დიდი წილი, 60-65% სწორედ ნედლეულს უჭირავს. იქიდან გამომდინარე, რომ ნედლეული ძირითადად იმპორტირებულია, მწარმოებლებს უცხოურ ვალუტებთან ლარის გაუფასურების გამო ხარჯები გაეზარდა, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც "ლიტვრუმა საცხობმა" პურზე ფასის 5-10 თეთრით გაძვირების გადაწყვეტილება მიიღო.

"ფასის მატება კომპანიაში მოხდა დეკემბრის დასაწყისიდან. ძირითადად განაპირობა დოლარის კურსის მატებამ. როცა კურსი ავიდა 2.7 ნიშნულზე, შეუძლებელი იყო შეგვენაჩუნებინა ძველი ფასი. ენერგომატარებლების ტარიფებს პროდუქციის ფასზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა 2018 წელი ახლა დაიწყო და იმის პროგნოზირება, რამდენად აისახება ეს ფასზე, არ შეგვიძლია"-აცხადებს "ლიტვური საცხობის" კომერციული მენეჯერი, ლიკა ავალიანი.

ხარჯები გაეზარდა ,,იფქლის’’ საწარმოსაც, თუმცა კომპანია ამ ეტაპზე პურზე უცვლელ ფასს ინარჩუნებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ პურის ფასთწარმოქმნაში ენერგომატარებლების წილი 20-25%-ია, თუმცა ამ ეტაპისთვის ზრდა იმდენად უმნიშვნელოა, რომ ამის გამო პური არ გაუძვირებიათ.

"ფასწარმოქმნაში 60-65% უჭირავს ნედლეულს, 20-25% ენერგომატარებლებს, დანარჩენი ადმინისტრაციული ხარჯებია, რაც ასევე მოქმედებს პურის ფასზე.მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე ლარის კურსი. ნედლეული დამოკიდებულია სწორედ ლარის კურსზე. ფასები მოგების ხარჯზე შევინარჩუნეთ"-აცხადებს "იფქლის" დირექტორი, არისი ბოჭოიძე.

როგორც ნედლეულზე, ისე ენერგომატარებლებზე ფასის მატება ყველაზე საგრძნობი მცირე მწარმოებლებისთვის იქნება. ერთმა ნაწილმა პროდუქცია 5-10 თეთრით უკვე გააძვირა. მეორე ნაწილი აცხადებს, რომ თუ შემოსავალს ხარჯები ბევრად გადააჭარბებს, არ გამორიცხავენ პურზე ფასი მათაც გაზარდონ.

მათ, ვისაც ჯერ პური არ გაუძვირებია, დადასტურებით ვერ ამბობენ რა დრომდე შეინარჩუნებენ უცვლელ ფასს. თუ ლარი გაუფასურებას გააგრძელებს, ნედლეულზე გაძვირებული ფასი კვლავ შენარჩუნდება და ელექტროენერგიის ე.წ ქვითარი საგრძნობლად გაზრდილი ტარიფით მოუვათ, როგორც მსხვილი, ისე მცირე მწარმოებლები ამბობენ, რომ პურზე ფასის მატება გარდაუვალი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები