"პურის მაღაზიის გაკოტრება ბაზარზე არაფერს ცვლის, თუ საქმე ბანკს ეხება, ეს სექტორს ანგრევს"
BM.GE
15.02.19 16:30
• 709
"თუ პურის მაღაზია გაკოტრდა, ეს ბაზარზე არაფერს ცვლის, მაგრამ თუ საქმე ბანკს ეხება, ეს არსებულ აგენტებს ჯაჭვურად გადაეცემა და სექტორს ანგრევს”, - ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი და ეკონომისტი მიხეილ თოქმაზიშვილი “თიბისი” ბანკის საქმეს.
მისი თქმით, ეროვნული ბანკი გამჭვირვალეა იმ ზომით, რა ზომითაც ის არ დააზარალებს ბაზარს, რადგან ეკონომისტის შეფასებით, არ შეიძლება ზედამხედველმა ისეთი ტიპის განცხადებები გააკეთოს, რომელიც ბაზარზე პანიკის საფუძვლებს გააჩენს.
“როგორ წარმოგიდგენიათ, ფინანსურ აგენტებზე ეროვნული ბანკის განცხადებები გავლენას არ მოახდენს? სებ–ი მაქსიმალურად ფრთხილი უნდა იყოს“, - მიიჩნევს თოქმაზიშვილი.
Bmg-ს კითხვაზე, რატომ დადგა დღის წესრიგში 2007–2008 წლებში განხორციელებული ტრანზაქციები დღეს, სებ–ის საბჭოს ყოფილმა წევრმა პასუხად განაცხადა, რომ “ეს უკვე ფინანსურ საკითხს ცდება“.
„ამ კითხვაზე პასუხი რომ გასცე, უნდა იცოდე შიდა სამზარეულო. დღეს კი წვდომა არ მაქვს მსგავს ინფორმაციაზე“, - აცხადებს თოქმაზიშვილი.
ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება მოითხოვა, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „თიბისი ბანკმა“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა.
სებ–ის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.
„საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.