პურის მწარმოებლებმა რეგიონებში, შესაძლოა, გაზის მოხმარებაზე უარი თქვან. მას შემდეგ რაც “სოკარ ჯორჯია გაზის” საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, BMG პურის მწარმობლებს უშუალოდ რეგიონებში დაუკავშირდა.
პურის მწარმობელი ირაკლი ოშხნელი აცხადებს, რომ გაზრდილი გადასახადის გამო პური დაახლოებით 5-10 თეთრით გაიზრდება.
"კატასტროფაა, რეგიონებში გაზის ფასი ყოველთვის უფრო მაღალი იყო ვიდრე თბილისში. მაგალითად, მაშინ როდესაც თბილისში ერთ კუბურ მეტრზე გაზში 75 თეთრს იხდიდნენ ჩვენ 85 თეთრს ვიხდიდით. 5-10 თეთრით კი ისიც იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ ფქვილის ფასი შენარჩუნდა ტომარაზე 46-50 ლარი. სხვა შემთხვევაში პურის ღირებულება კიდევ გაიზრდება. ბიზნესს განვითარების საშუალებას არ გვაძლევენ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ მიმართულება შევცვალო, რა აზრი აქვს ბიზნესს, თუ სულ წაგებაზე გავა? ალტერნატივაზე უნდა გადავეწყოთ ამ შემთხვევაში კი შეშაზე”,- აცხადებს მწარმოებელი.
თელავში პურის მწარმოებლი ომარ ბარელაშვილიც აცხადებს, რომ ფასები ცალსახად გაიზრდება.
“თუმცა, ჩვენს შემთხვევაში ფასებს შევინარჩუნებთ, რადგან მას შემდეგ რაც პირველად გაზის ტარიფი გაიზარდა კომერციული მომხმარებლებისთვის, შეშაზე გადავედით. დარწმუნებული ვარ ამ მეთოდს რეგიონებში ბევრი მიმართავს”,- აცხადებს ბარელაშვილი.
ზუგდიდი პურის მწარმოებელი გელა რეწვაია:
“ამ გაძვირებას ვერ ავიტანთ დავიხურებით. ერთადაერთი გზა რჩება ალტერნატიულ ვარიანტზე გადაწყობა, რაც გაზის ნაცვლად თხილის ნაჭუჭის გამოყენებას გულისხმობს. პური 1 მარტიდან დაახლოებით 9 თეთრით გაძვირდება”.
ქუთაისი ნოდარ ჩიხლაძე პურის ერთ-ერთი მწარმოებელი:
“ორი საცხობი მაქვს ქუთაისში, მატება დაახლოებით 10%-იანია, რაც მნიშვნელოვან მატებას არ წარმოადგენს, ამიტომ ფასები 1 მარტიდან უცვლელი დარჩება”
ცნობისთვის: 2019 წლის 1 მარტიდან შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე იქნება 95 თეთრი დღგ-ს ჩათვლით. ეს ტარიფის 10%-იან ზრდას წარმოადგენს.
კომპანიის განცხადების მიხედვით ფასის კორექტირება გამოწვეულია ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან გაცვლითი კურსისა და განაწილების ტარიფის ცვლილებით. ახალი ტარიფი ძალაში შევა ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ 1 მარტიდან.

























