კომპანია "გემოვანი პური - მზეთამზე" პურის წარმოების ტექნოლოგიის კურსს უახლოეს 6 თვეში დაიწყებს, - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა განაცხადა.
"მზეთამზეს" პური ბაზარზე 2015 წლიდან გამოჩნდა და კომპანია "გემოვანი" საკუთარი ტექნოლოგიით დამზადებულ პირველადი მოხმარების პროდუქტს სხვადასხვა ქსელურ მარკეტებში ყიდდა. მიმდინარე წელს, წარმოების ზრდისა და მასშტაბების გაფართოების მიზნით, კომპანიამ სხვა პურის მწარმოებლები დაიპარტნიორა და "მზეთამზეს" სტანდარტითა და ტექნოლოგიით პურის წარმოებას ჯერ თბილისში და უახლოეს მომავალში ქუთაისში დაიწყებს.
კომპანიის დამფუძნებლის ცნობით, საგანმანათლებლო პროგრამა უკვე არსებობს და საწარმოებში, რომლებთანაც დაპარტნიორდნენ, სწორედ ამ პროგრამით ასწავლიან წარმოების ტექნიკებს.
"ეს იყო ამერიკული სტანდარტი, რომელიც ქართულ რეალობაზე მოვარგეთ. მას ყოველგვარი აკრედიტაციის გარეშე ვიყენებთ, მათ შორის იმ საწარმოებთანაც, რომლებთან პარტნიორობა ახლახან დავიწყეთ. თბილისსა და ქუთაისში დასრულების შემდეგ, რომელიც დაახლოებით 6 თვეში უნდა მოხდეს, აღნიშნული პროგრამა უკვე ყველა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
გვექნება გამოყოფილი აუდიტორია, სადაც კონკრეტულ საათზე თეორიული გაკვეთილები გვექნება, ხოლო პრაქტიკული ნაწილი, თავად საწარმოშივე ჩატარდება",- აცხადებს ჩავლეიშვილი.
ინფორმაციისთვის, კომპანია "გემოვანი პური - მზეთამზე" ბაზარზე 2015 წელს დაფუძნდა. 0,5 კილოგრამიანი ბუნებრივი საფუვრით დამზადებული პრემიუმ ხარისხის პურის ფასი 3,50-დან 5 ლარამდეა.