პურ–პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ვარაუდობს, რომ „ყაზტრანსგაზ–თბილისის“ მიერ კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი გაზის გაძვირების გამო, განსაკუთრებული პრობლემები პურის მცირე საცხობებს შეექმნება.
„მე მგონია, რომ პატარ–პატარა საცხობებს მუშაობა გაუჭირდებათ, განსაკუთრებით მათ, ვისაც გაზის კუსტარული სანთურები აქვთ, რადგან ისინი ტემპერატურას ავტომატურ რეჟიმში ვერ არეგულირებენ“, – აღნიშნა მან.
მისივე ინფორმაციით, გაზის გაძვირების საკითხს პურ–პროდუქტების ასოციაციაში ხვალ დეტალურად განიხილავენ.
რაც შეეხება პურის ქარხნებს, როგორც BM.GE-ის „ყაზტრანსგაზ–თბილისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მათ ბუნებრივი გაზის მოქმედი ტარიფი შეუნარჩუნდებათ.
„იმისთვის, რომ პური არ გაძვირებულიყო, პურის ქარხნებზე ეს გადაწყვეტილება არ აისახება“, – აღნიშნავენ „ყაზტრანსგაზ–თბილისში“.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, „ყაზტრანსგაზ–თბილისის“ კომერციული აბონენტებისთვის 1 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ფასი 80.5–დან 86 თეთრამდე გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ ბუნებრივი გაზი აღნიშნული სექტორისთვის „ყაზტრანსგაზ–თბილისმა“ 2018 წლის 16 სექტემბერს, 75-დან 80.5 თეთრამდე გააძვირა.

























