რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომის ესკალაციის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ის დარწმუნებულია, რომ უკრაინაში დამარცხების და საბრძოლო მოქმედებების დონბასის ხელში ჩაგდების გარეშე დასრულების გამო, მას მოკლავენ.
The Economist-ის ინფორმაციით, რუსეთში მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები პუტინისთვის ჯერჯერობით კრიტიკული არ არის. კრემლთან დაახლოებული წყაროების შეფასებით, რუსული სისტემა ძალადობას იწყნარებს, თუმცა მარცხს არავის პატიობს.
შიდა წყაროების ცნობით, ომის გარკვეულ ეტაპზე პუტინმა ახლობელ გარემოცვას განუცხადა, რომ მარცხის შემთხვევაში მას ჩამოახრჩობენ - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
ამასთან, ბოლო პერიოდში კრემლისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა ომის მიმართ საზოგადოების განწყობა. სახელმწიფო პროპაგანდის მიმართ ნდობა მცირდება, ახალგაზრდები სოციალურ ქსელებში ომის საწინააღმდეგო გზავნილებს აქტიურად აქვეყნებენ, პუტინის რეიტინგი კი ეტაპობრივად ეცემა.
კიდევ უფრო მძიმეა განწყობები რუსულ ელიტაში. ინსაიდერების განმარტებით, მთავარი პრობლემა არა მხოლოდ ეკონომიკური შეფერხებები ან ფრონტზე არსებული სტაგნაცია, არამედ დაკარგული დროა, რადგან სრულმასშტაბიანი ომი გადამწყვეტი გამარჯვების გარეშე თითქმის ხუთი წელია გრძელდება.
რაც შეეხება დონბასის ოკუპაციის ვადებს, მაისში გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა სარდლებმა პუტინი დაარწმუნეს, რომ არმია მთელი დონბასის დაკავებას 2026 წლის შემოდგომისთვის შეძლებდა. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოსკოვმა საბოლოო ვადად 2026 წლის 31 დეკემბერი განსაზღვრა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, პავლო პალისას განცხადებით კი, სამხედრო სარდლობა კრემლზე ზეწოლას ახორციელებს, რათა სამიზნე თარიღმა 2027 წლის 31 მარტამდე გადაიწიოს. ზელენსკის შეფასებით, დონეცკის ოლქის სრულად დასაკავებლად რუსეთს სულ მცირე ორი დამატებითი წელი და 800 ათასამდე სამხედროს მსხვერპლი დასჭირდება.




























