ალასკის სამიტის ფონზე, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებმა, დანიამ, ფინეთმა, ნორვეგიამ, შვედეთმა და ისლანდიამ, ასევე ბალტიისპირეთის სამეულმა უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათ ომში მყოფი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურეს. 8 სახელმწიფოს მიერ შედგენილ წერილში ცეცხლის შეწყვეტა და უკრაინისთვის უსაფრთხოების რეალური გარანტიების მიცემაა მოთხოვნილი.
“პუტინის ნდობა არ შეიძლება” - წერია განცხადებაში. ქვეყნების ლიდერების აზრით, უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების საკითხზე რუსეთს “ვეტოს დადების” უფლება არ უნდა მიეცეს. წერილის ავტორები ომის დასაწყისში გატაცებული უკრაინელი ბავშვებისა და ომის ტყვეების დაბრუნებასაც მოითხოვენ.
ჩრდილო-ევროპული და ბალტიური ქვეყნების ლიდერების შეფასებით, ერთადერთი, ვინც უკრაინის მომავლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თავად უკრაინა და მისი ხალხია. სახელმწიფოთა მეთაურები დასავლეთს გაერთიანებისა და მხარდაჭერის გაძლიერებისკენაც მოუწოდებენ. მათი თქმით, რუსული აგრესიის საპასუხოდ დაწესებული სანქციები კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, ომში მყოფ უკრაინას კი კიდევ უფრო მეტი იარაღი მიეწოდოს.




























