რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოი, თბილისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. მან რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის სამძიმარი ქართველ სასულიერო პირებსა და ხალხს გადასცა - წერს რუსეთის საგარეო.
„რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში მიხაილ შვიდკოი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვას დაესწრო და რუსეთის ლიდერის სამძიმარი გადასცა ქართველ სასულიერო პირებსა და ხალხს“, - წერს უწყება.
შვიდკოი, რომელიც 2000-2004 წლებში რუსეთის კულტურის მინისტრი იყო, ჯერ სამების, შემდეგ კი სიონის საკათედრო ტაძარში გამართულ გამოსამშვიდობებელ პროცესიაზე იმ სტუმრებს შორის გამოჩნდა, რომლებიც პატრიარქის წესის აგებას ესწრებოდნენ.
მიხაილ შვიდკოი საქართველოში არაერთხელაა ნამყოფი და ილია II-ს პირადად იცნობდა. აღსანიშნავია მისი ვიზიტი 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში, როდესაც მან პატრიარქს დიმიტრი მედვედევის მილოცვა გადასცა.
ამჯერად, 77 წლის შვიდკოი თბილისში რუსეთის ეკლესიის 80-კაციანი დელეგაციისგან დამოუკიდებლად იმყოფებოდა. საეკლესიო დელეგაციას ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ბენიამინი ხელმძღვანელობდა.




























