მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინმა ფაშინიანს ევროკავშირთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოსთხოვა

პუტინი და ფაშინიანი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების გეგმების უმოკლეს ვადაში დაზუსტება მოსთხოვა. კრემლის ლიდერის განცხადებით, ევროკავშირში ერევნის ინტეგრაცია მოსკოვის მიერ მართულ პოსტსაბჭოთა გაერთიანებებში ქვეყნის წევრობასთან შეუთავსებლად მიიჩნევა.

საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სომხეთის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზეც, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სამომავლო მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს. პუტინმა ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა სომეხი ხალხის სუვერენულ უფლებად აღიარა, თუმცა თქვა, რომ ეს ნაბიჯი ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან ქვეყნის ფაქტობრივ გასვლას ნიშნავს.

რუსეთის ლიდერმა სომხურ მხარეს რეფერენდუმის ჩატარება და ხალხის პოზიციის დაფიქსირება შესთავაზა. ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ საუბრისას მან ახსენა სომხეთში მომუშავე რუსული კომპანიებიც, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტის უმსხვილეს გადამხდელებად რჩებიან. მისი თქმით, პოსტსაბჭოთა გაერთიანებაში ყოფნამ სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის გაასამმაგა.

პუტინის განცხადებებს მალევე უპასუხა ნიკოლ ფაშინიანმა. მისი თქმით, კავკასიის რეგიონში შექმნილი ახალი ვითარების გათვალისწინებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განახლებულ მიდგომას საჭიროებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ურთიერთობების გაუარესების ფონზე ერევანი მოსკოვთან სტრატეგიული მოკავშირეობის ვალდებულებებით შებოჭილად თავს აღარ მიიჩნევს.

ლიდერებს შორის შეხვედრა, სადაც ეს საკითხი დადგა, ყირგიზეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შედგა.

შეგახსენებთ, სომხეთის ხელისუფლებამ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე რუსეთის მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობის შემდეგ თავდაცვისა და ეკონომიკურ სფეროში ახალი საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მოძიება დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები