რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ახალი სამხედრო მობილიზაციის დაწყების შესახებ გავრცელებული ცნობები უარყო.
აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ამ პროცესის საჭიროება არ არსებობს. პუტინმა მსგავს ცნობებს "დაგეგმილი საინფორმაციო ოპერაცია" უწოდა. კრემლის ლიდერის შეფასებით, ეს კამპანია მიზნად სახელმწიფო დუმის მოახლოებული არჩევნებისთვის ხელის შეშლას ისახავს. რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, მოქალაქეები არმიაში ნებაყოფლობით ერთიანდებიან და ფრონტის შევსების პრობლემა მოსკოვს არ აქვს.
საყურადღებოა, რომ უკრაინის დაზვერვისა და დასავლური უწყებების შეფასებები რუსეთის რეალურ სამხედრო საჭიროებებზე სრულიად განსხვავებულ ვითარებას აჩვენებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მონაცემებით, მოსკოვი 2026-2027 წლებში ჯამში 600,000 ჯარისკაცის მობილიზებას გეგმავს. არსებული გეგმის მიხედვით, რუსეთის ხელისუფლება 300,000 ადამიანის გაწვევას მიმდინარე წელს, დარჩენილი 300,000 პირის მობილიზებას კი მომავალ წელს აპირებს. კიევის ცნობით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ფრონტზე ინიციატივის დაკარგვა, მზარდი დანაკარგები და რეგიონებში საკონტრაქტო რეკრუტირების შენელება გახდა.
ცნობისთვის, უკრაინული მხარის მონაცემებით, 2026 წლის იანვრიდან ივლისამდე რუსეთმა ფრონტზე 240,000 სამხედრო დაკარგა, საკონტრაქტო გზით კი მხოლოდ 232,000 ადამიანის რეკრუტირება შეძლო. ამასთან, ISW-ის მონაცემებით, რუსეთის არმიის საერთო დანაკარგებმა აგვისტოში, ზედიზედ მეორე თვეა, 40,000 ადამიანს გადააჭარბა. ამას გარდა, უკრაინის სამხედრო დაზვერვა ხაზს უსვამს, რომ კრემლმა არმიაში მძიმე დანაშაულში მსჯავრდადებული პირების გაწვევის წესებიც გააფართოვა.




























