მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინთან სიახლოვე ომის მხარდაჭერას არ ნიშნავს - გენადი ტიმჩენკო

6453665756a0d
გიორგი არონია
05.05.23 00:05
768

ვლადიმირ პუტინთან სიახლოვე უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდაჭერას არ ნიშნავს, - ამ შინაარსის განცხადებით ევროკავშირის საერთო სასამართლოს წინაშე სიტყვით რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის და პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, გენადი ტიმჩენკოს ადვოკატი გამოვიდა.

ევროკავშირის სამართლებრივ სისტემაში რიგით მეორე სასამართლოში, ტიმჩენკო და მისი მეუღლე ევროკავშირის მიერ სანქცირებას მტკიცებულებების არარსებობის ფონზე ასაჩივრებენ.

“გენადი ტიმჩენკო ვლადიმირ პუტინს დიდი ხანია იცნობს და ეს სიმართლეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისთვის ნდობით აღჭურვილი პირის წოდებას არ ვეთანხმებით, რადგან ეს თავის თავში ბრალდებას მოიცავს”, - განაცხადა მილიარდერის იურისტმა, სტეფან ბონიფასიმ ევროკავშირის საერთო სასამართლოს წინაშე. ამასთან, იურისტი უარყოფს იმასაც, რომ Volga Group-ისა და Bank Rossiya-ს გავლით, გენადი ტიმჩენკო რუსეთის ეკონომიკას აფინანსებდა. ერთ-ერთი არგუმენტი, რომელსაც ევროკავშირი ეყრდნობა, სწორედ Bank Rossiya-ს ეხება, რომელსაც გამოძიება “რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნების პირად ბანკს” უწოდებს. ამ განცხადებას ამყარებს ის ფაქტი, რომ 2014 წლის შემდეგ, Bank Rossiya-მ საკუთარი ფილიალები ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში გახსნა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა 1500-მდე ადამიანი და 207 ორგანიზაცია დაასანქცირა, მათ შორის ათობით რუსი მილიარდერი. სანქცირებულთა შორის მოხვდა დასავლეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩიც, რომელიც სანქციებს ლუქსემბურგის სასამართლოში ასაჩივრებს. ანალოგიურ მდგომარეობაში არის გენადი ტიმჩენკოც, რომელიც ევროკავშირის მიერ გასული წლის თებერვალში მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც მისი აქტივების გაიყინა, ხოლო თავად მილიარდერს ევროკავშირში შესვლა აეკრძალა. ამასთან, გენადი ტიმჩენკო და მისი ოჯახის წევრები სანქცირებულნი არიან ამერიკის შეერთებული შტატების მიერაც.

შეგახსენებთ, რომ ნავთობითა და გაზით გამდიდრებული 70 წლის გენადი ტიმჩენკო რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი $18.5 მილიარდად აფასებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები