მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პუტინთან უიტკოფი-კუშნერის შეხვედრამ კონკრეტული შედეგის გარეშე ჩაიარა

რუსეთ-უკრაინის ომი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ამერიკის პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეებს შორის განხილვის საგანი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის განკუთვნილი სამშვიდობო დოკუმენტი იყო. როგორც ირკვევა, მოლაპარაკებები 5 საათს გაგრძელდა, თუმცა უიტკოფმა და კუშნერმა კრემლი ისე დატოვეს, რომ კონკრეტულ საკითხებზე პუტინის დათანხმება ვერ შეძლეს.

როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა მოგვიანებით განაცხადა, მოლაპარაკებებმა ნაყოფიერად ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა საკითხები, რომლებზე კომპრომისის მიღწევაც ვერ მოხერხდა. უშაკოვი პრობლემურ საკითხებად დონბასის რეგიონის უკრაინული მხარის მიერ დათმობას და ევროპული ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ამ ტერიტორიების აღიარებას ასახელებს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს უკომპრომისო პოზიცია აქვს უკრაინული ჯარის შემცირებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომის დიპლომატიური გზით დასრულების შესახებ საუბრები რამდენიმე კვირის წინ განახლდა, როცა დონალდ ტრამპმა 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარადგინა. მას შემდეგ ამერიკულმა მხარემ მოლაპარაკებები როგორც რუსულ, ისე უკრაინულ მხარესთან გამართა, თუმცა დასახელებულ საკითხთა შორის ორივე მხარემ თავისი წითელი ხაზები გამოკვეთა. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ თემებზე შეთანხმება იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მომდევნო დღეებსა და კვირებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები