PWC-ის (პრაის უოთერჰაუს კუპერსი) შეფასებით, "თიბისი ბანკზე" ჯარიმა სწორად იყო აღრიცხული.
დღეს “თიბისი ბანკმა” 2018 წლის საქმიანობის მმართველობითი და აუდიტორული ანგარიშგებები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ბანკმა სებ-ის მიერ დაკისრებული 1,100,000 ლარის ჯარიმა გადაიხადა.
“თიბისის” აუდიტორული შეფასება დიდი ოთხეულის წევრმა PWC-იმ ჩაატარა. დამოუკიდებელი აუდიტორი ჯერემი ფოსტერი წერს, რომ PWC დეტალურად გაეცნო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის 19 ნოემბერს “თიბისი ბანკის” შესახებ მიღებულ დასკვნას, რომელიც 2008 წლის განმავლობაში განხორციელებულ ტრანზაქციებს ეხება.
PWC წერს, რომ მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თიბისის დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გამოკითხეს, ასევე გამოკითხეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრებიც. გაეცნენ ეროვნულ ბანკთან ამ საკითხის შესახებ არსებულ სრულ კორესპონდენციას, გამოითხოვეს და შეისწავლეს ბანკში დაცული მასალები, სამუშაო შეხვედრები გამართეს ბანკის აუდიტის კომიტეტთან და გაეცნენ იმ მიდგომას, რომელიც ბანკის დამოუკიდებელმა დირექტორებმა აღნიშნული საკითხის მიმართ გაატარეს.
საბოლოოდ ფოსტერი ასკვნის რომ აღნიშნული ჯარიმა სწორად იყო აღრიცხული.
PWC აღნიშნავს, რომ “თიბისიმ” ჯარიმით დაკისრებული თანხა 2019 წლის 12 მარტს გადაიხადა.
გუშინ, 2 აპრილს "თიბისი ბანკმა" ლონდონის საფონდო ბირჟაზე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბანკის სამეთვალყურეო საბჭო მისმა დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ოფიციალურად დატოვეს.
"თიბისის" ინფორმაციით, ამჟამად საბჭოს ვაკანტურ პოზიციებზე მიმდინარეობს კანდიდატთა შერჩევა.

























