საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი უფროსი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.
ქადაგიძემ დაკითხვაზე შესვლამდე მედიასთან განაცხადა, რომ მთავარია, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყოს საჯარო.
„პირველი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვნი - „თიბისი ბანკი“ არის საქართველოში ყველაზე მსხვილი ფინანსური ჯგუფი, შესაბამისად, ის მოვლენები,, რომლებიც ამ ჯგუფის დამფუძნებელი პარტნიორების ირგვლივ ვითარდება, ეს კითხვები, რომლებიც ისმის, საჭიროებს პასუხებს ყველა მხრიდან და მხოლოდ და მხოლოდ ძალიან მაღალი სტანდარტის საჯაროობა არის გამოსავალი ამ ვითარებიდან, ვინაიდან ეს საკითხი გასცდა კონკრეტული ბიზნესჯგუფის, ან ადამიანების არეალს და წარმოადგენს გაცილებით დიდი საჯარო ინტერესის საგანს, რაზეც ამ საქმის რეზონანსულობა მეტყველებს.
ამიტომ მე მივესალმები ამ პროცესების მაქსიმალურ საჯაროობას. მეორე - ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტის როლი გაძლიერდეს ამ პროცესებში, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ, რომ სწორედ საპარალამენტო კომიტეტებზე გაისმა ყველაზე უფრო ხმაურიანი განცხადებები და ბრალდებები. ამიტომ ვფიქრობ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია არის ყველაზე უფრო ადეკვატური გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საგამოძიებო კომისიის მანდატის ქვეშ ყველა მოხელეს - მოქმედს, ყოფილს და ა.შ, აუცილებლად მოუწევს განმარტებების გაკეთება ყველა საკითხთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება“, - განაცხადა ქადაგიძემ.
კითხვაზე, მისი ინფორმაციით, რა აინტერსებს განსაკუთრებით პროკურატურას, ქადაგიძემ პასუხად აღნიშნა, რომ ეს არ იცის.
„გულწრფელი რომ ვიყო, ყველაზე მეტად მაინტერესებს, რა აინტერესებს პროკურატურას რეგულატორისგან.
მოგეხსენებათ, რომ 11 წლის წინანადელია, 21 წლის წინანდელი, თუ შარშანდელი, რა ხდება ამ ტრანზაქციების ირგვლივ, არის ბუნდოვანებით მოცული, განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა დამფუძნებელი პარტნიორები აკეთებენ განცხადებას, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ ადგილი აქვს ორკესტრირებულ, პოლიტიკურ შეტევას. ამაზე არის საუბარი. ამ კონტექსტში ხაზი მინდა გავუსვა, რომ საკითხი არის გაცილებით უფრო ფართო და საჯარო, ვიდრე რაღაც კონრკეტული ტრანზაქცია, განხორციელებული პროცედურების დარღვევით, თუ დაცვით. გაცილებით დიდი მასშტაბის საკითხთან გავქვს საქმე და გასცდა ეს საკიხთი ამ რაღაც ოპერაციების საკითხს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მაქსიმალური საჯაროობა“, - განაცხადა ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2007-2008 წლებში გიორგი ქადაგიძე საფინანსო ზედამხედვლობის სააგენტოს უფროსი იყო. სწორედ ამ პერიოდში განხორცილედა „თიბისი ბანკის“ მიერ ის 17 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ტრანზაქცია, რაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა საეჭვოდ ჩათვალა და რეაგირებისთვის ეროვნულ ბანკსა და პროკურატურას მიმართა.

























