მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქადაგიძის წერილი ილიაუნის აკადემიურ საბჭოს - რა გახდა უთანხმოების მიზეზი

5c533830765e2
BM.GE
31.01.19 21:57
3324
გიორგი ქადაგიძე ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანი აღარ იქნება, ამის შესახებ ქადაგიძემ საკუთარ facebook-ზე დაწერა.

ქადაგიძე ამასთანავე, ასაჯარეობს წერილს, რომელიც მან ილიაუნის აკადემიურ საბჭოს მიწერა და რომელშიც ის აღწერს იმ კრიზისს, რომელშიც ბიზნესის სკოლა იმყოფება და უნივერსიტეტისგან სკოლის პრობლემებისა და საჭიროებებისადმი გაცილებით დიდი ყურადღების დათმობას მოითხოვს. გიორგი ქადაგიძე facebook-ზე ასევე წერს, რომ ის თანამდებობას უნივერსიტეტის მიერ დაწყებული რეორგანიზაციის შედეგად ტოვებს, რომელიც მის უცხოეთში ყოფნის პერიოდს დაემთხვა.

"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს

ძვირფასო კოლეგებო, გავეცანი 2018 წლის 25 დეკემბრის აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმის ამონაწერს. სამწუხაროდ, სხდომის ოქმის ამონაწერში გამოტოვებულია მთელი რიგი საკითხებისა, რომელიც მე, როგორც ბიზნესის სკოლის დეკანმა, დავაყენე აკადემიური საბჭოს წინაშე. ამონაწერი არ ასახავს შეხვედრაზე აღწერილ ბიზნესის სკოლის უმწვავეს პრობლემებსა და ჩემი როგორც ამ სკოლის დეკანის მოთხოვნების პათოსს, ხოლო რეკომენდაციების სახით შემოთავაზებული ღონისძიებების ჩამონათვალი კიდევ უფრო განამტკიცებს აზრს, რომ უნივერსიტეტის მენეჯმენტი ვერ აღიქვამს პრობლემების და გამოწვევების სიღრმესა და სიმძაფრეს, რომელიც საჭიროებს მყისიერ რეაგირებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, საბჭოს სხდომის ოქმს დაურთოთ აღნიშნული წერილი სადაც ჩამოთვლილია ის საკითხები რომელიც მე დავაყენე აკადემიური საბჭოს წინაშე და არ არის მოხვედრილი მასში. კერძოდ: 

• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა არის ამ პროფილის ყველაზე დიდი სკოლა საქართველოში. იგი აერთიანებს დაახლოებით 6000 სტუდენტს, 35 პროფესორსა და 250- მდე მოწვეულ ლექტორს. ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებს შორის ის არის ბაზრის 20% წილის მფლობელი და უპირობო ლიდერი სტუდენტების რაოდენობით. 

• ლექციების გაცდენა, გაუმართავი და რეალურ სასწავლო პროცესს აცდენილი სილაბუსები, თითქმის ნულოვანი კონტროლი კონტენტზე და აკადემიურ შეფასებებზე, მოწვეული ლექტორების ნაწილის და სტუდენტების არ არსებული ემოციური კავშირი უნივერსიტეტთან და მის ბრენდთან, არ არსებული Alumni პოლიტიკა - არის პრობლემების მოკლე ჩამონათვალი რომელზეც შესავალშივე მოვახსენე აკადემიურ საბჭოს.

• ის, რომ სკოლაში არსებული მდგომარება არის ძალიან მძიმე ადასტურებს აბიტურიენტთა მონაცემები. ბიზნესის სკოლაში სწავლის მსურველთა რიცხვი ოთხი წელია ზედიზედ მცირდება. პირველი შემოხაზვის მიხედვით ოთხ წელიწადში შემცირებამ მიაღწია 30%-ს (1000 აბიტურიენტს), ხოლო კონკურსი თითქმის განახევრდა. ასეთია ბაზრის აღქმა ბიზნესის სკოლაში არსებულ მდგომარეობაზე. 

• რაც შეეხება საშუალო სტატისტიკური აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებულს, იგი ვერ პასუხობს შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს. ცოდნის და შესაბამისი უნარების დონე რომელსაც მათ აძლევს სკოლა ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. ამის შედეგად კი ბიზნესის სკოლის ათასზე მეტი კურსდამთავრებული ემატება შრომის ბაზარს შესაბამისი უნარების გარეშე. 

• ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ სკოლა არის ღრმა კრიზისში. 

• არსებული გამოწვევების საპასუხოდ ბიზნესის სკოლის ადმინისტრაციამ და აკადემიურმა პერსონალმა თავისი კომპეტენციის და უფლებამოსილების ფარგლებში შეიმუშავა და ატარებს სიღრმისეულ რეფორმებს რომელიც მოიცავს: თანამედროვე კონტენტის შემუშავებას, სილაბუსების მთლიან გადამუშავებას, საგნების მიმართულებებათ დაჯგუფებას და აკადემიურ პერსონალის უფრო სიღრმისეულ ჩართულობას, დამსაქმებლების ჩართულობას სასწავლო პროცესში, ცენტრალიზებული საგამოცდო ცენტრის ჩამოყალიბებას, მენეჯერული გადაწყვეტილებებისთვის საჭირო სტატისტიკის წარმოებას, საგანმანათლებლო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას და დანერგვას, პროცესების მაქსიმალურ ელექტრონიზაციას, ეფექტური სამიზნე ნიშნულების შემუშავებას თითქმის ყველა მიმართულებით და შებრუნებული საკლასო ოთახის პრინციპის დანერგვას, რომელიც უკვე 9 საგანში წარმატებით განხორციელდა. ეს არის რეფორმების მცირე ჩამონათვალი რომელსაც ახორციელებს ბიზნესის სკოლის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი. 

• მიუხედავათ სკოლის არაერთი თხოვნისა და მოთხოვნისა, პრობლემური საკითხების მოგვარების ტემპი, რომელიც განეკუთვნება ცენტრალური ადმინისტრაციის კომპეტენციას არ შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებელთან მიახლოვებულადაც კი. 

• ასეთი მოუგვარებელი საკითხების მცირე ჩამონათვალი მოიცავს: არასაკმარის სასწავლო ფართს, სტუდენტური სივრცეების მწვავე ნაკლებობას, გაუმართავ სასწავლო ინვენტარს (პროექტორები, კომპიუტერები, ხმის და გაგრილების სისტემები), აუდიტორიებსა და სველ წერტილებში არასათანადო სისუფთავეს, ფაქტიურად არ არსებულ უსადენო ინტერნეტს, გაუმართავ სასწავლო პროგრამულ უზრუნველყოფას, უსაშველოდ გადადებულ და დროში გაწელილ შესყიდვების პროცედურებს (დაფას ვყიდულობდით 6 თვე), კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიების მწვავე ნაკლებობას და ა.შ. 

• აღნიშნული პრობლემების მოუგვარებლობა მით უფრო გაუგებარია, როდესაც ბიზნესის სკოლიდან ყოველწლიურად უნივერსიტეტის ბიუჯეტი ივსება ათეულ მილიონ ლარზე მეტით. ჩემი ვარაუდით, (ვინაიდან ზუსტი ინფორმაციის მოპოვება უნივერსიტეტის ბიუჯეტზე სტრუქტურული ერთეულების მიხედვით შეუძლებელი ამოცანაა ბიზნესის სკოლისთვის) ბოლო ოთხ წელიწადში ბიზნესის სკოლიდან არსებულმა წმინდა შემოსავალმა შეადგინა 40 მილიონი ლარი, რომლის გათვალისწინებით, სტუდენტებზე გაწეული სერვისების ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

• სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის დაგვიანება/გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრება ან სასწავლო პროგრამაზე წვდომის მყისიერი შეჩერაბა არის ცენტრალური ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული ერთადერთი უხარვეზო და გამართული სერვისი. 

• ცალკე უნდა აღინიშნოს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში გამართული არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი, ვინაიდან არჩევნებში მონაწილე ორი კანდიდატის გარდა ინფორმაცია არჩევნების დანიშვნისა და მასში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ არ ჰქონდა არცერთ ბიზნესის სკოლის აკადემიური პერსონალის წარმომადგენელს. 

• კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ბიზნესის სკოლისთვის მიუღებელია როდესაც სასწავლო პროცესისთვის და სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს ორი ადამიანი და არ არის უზრუნველყოფილი ამ პროცესებში შესაბამისი რგოლების ფართო ჩართულობა, როგორც ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა და საუკეთესო პრაქტიკა. სწორად ამ საკითხების გადასაჭრელად საჭიროა სწრაფი და საფუძვლიანი რეფორმების განხორციელება, რომელზეც არა თუ რეაგირება, აღიარებაც კი არ ხდება ცენტრალური ადმინისტრაციის მხრიდან. ამიტომ მე, როგორც ბიზნესის სკოლის დეკანმა, აკადემიური საბჭოს წინაშე რეაგირებისთვის დავაყენე ოთხი საკითხი: 

1. გაუქმდეს და თავიდან დაინიშნოს წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები ბიზნესის სკოლის წარმომადგენლების შესარჩევად და შემდგომი არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ეცნობოს სკოლის აკადემიურ პერსონალს;

2. არაეფექტური და აკადემიური სივრცისთვის შეუსაბამო სტანდარტის მენეჯმენტისთვის ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება უნივერსისტეტის კანცლერს; 

3. უნივერსიტეტის მართვა განხორციელდეს ისე, როგორც ამას ითხოვს კანონმდებლობა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა; 

4. უზრუნველყოფილ იქნას უნივერსიტეტის ბიუჯეტის სრული გამჭირვალობა სტრუქტურული ერთეულების მიხედვით. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმის ამონაწერიდან მკაფიოდ იკითხება ძირეული ცვლილებებისადმი მზაობის არ ქონა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან. სამწუხაროდ, ამის ფასს არაერთი წელია ათასობით ჩვენი კურსდამთავრებული იხდის თანამედროვე მოთხოვნებთან შეუსაბამო ცოდნის და უნარების ვერ მიღებით. სწორად ეს გახლდათ ჩემი აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრის მთავარი პათოსი და მიზანი, და არა ის რაც სხდომის ოქმის ამონაწერის (არსებული რედაქციით) წაკითხვისას შეიძლება შეექმნას ნეიტრალურ მხარეს. პატივისცემით, გიორგი ქადაგიძე."

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები