მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქაღალდის ჭიქების თვითღირებულება პლასტიკზე 5-ჯერ ძვირია - "ლანჩ გრუპი"

პლასტიკის და ქაღალდის ჭიქა

„ლანჩ გრუპის“ გენერალური დირექტორი ნინო მელაძე აცხადებს, რომ პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის რეალიზაციის აკრძალვა ბიზნესს მნიშვნელოვანი ფინანსური და ლოგისტიკური გამოწვევების წინაშე აყენებს. მისი განმარტებით, აკრძალვის ამოქმედების შემდეგ კომპანიებს საწყობებში დიდი ოდენობით მარაგი დარჩათ.

ბიზნესმენი ყურადღებას ამახვილებს ეკო-მეგობრული ალტერნატივების მაღალ თვითღირებულებაზეც. მისი თქმით, თუ პლასტმასის ჭიქა 1 თეთრი ღირდა, ქაღალდის ანალოგის ფასი 5 თეთრამდე გაიზარდა. ამას ემატება გლობალური ლოგისტიკური პრობლემებიც:

“პირადად მე ქაღალდის ჭიქის წარმოება მაქვს, რომელიც დისპენსერისთვისაც ამზადებს ჭიქებს და ისედაც სხვადასხვა ზომის და მოცულობის ჭიქას ვაწარმოებთ, მაგრამ ფასთა შორის სხვაობა ძალიან დიდია. ყველა ვერ იყიდის. სამწუხაროდ, პლასტმასის ჭიქა თუ ღირდა ერთი თეთრი, რომელიც დისპენსერისთვის იყო განკუთვნილი, ხუთი თეთრი ღირს ქაღალდის ჭიქა.

ამას დაემატა, ისიც რომ ნედლეულის იმპორტი ჩინეთიდან ხორციელდება, ტრანსპორტირება გაძვირდა ორჯერ, მიწოდების დრომ და ვადებმა გადაიწია. თუ ადრე ამას სჭირდებოდა ორი თვე, ახლა სჭირდება სამი და მეტი თვე. საწვავი გაძვირდა, ელექტროენერგია გაძვირდა, ეს ყველაფერი ჭიქის ფასზე აისახება.

მარტო იმისთვის, რომ ჩამოვიტანო პროდუქცია და წარმოება არ გამიჩერდეს, თუ ადრე მჭირდებოდა 100 000 დოლარი, დღეს მჭირდება 0,5 მილიონი დოლარი. ვერც ვაწარმოებ იმ რაოდენობას, რაც შემეძლო პლასტმასის ჭიქის წარმოების შემთხვევაში მეწარმოებინა.

აჯობებდა, პლასტიკის პროდუქციის რეციკლირება მომხდარიყო და არა აკრძალვა. აკრძალვა არის ყველაზე ცუდი და საბოლოო გამოსავალი. მაინც არ მივიღებთ იმ შედეგს, რისთვისაც მოხდა ეს აკრძალვა. მე ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში, როგორც პარკების აკრძალვის დროს მოხდა, რომ ისევ დართეს ნება და დაიწყეს პარკების ქარხნებმა მუშაობა და პლასტიკის პროდუქციის გამოშვება და ისევ მოვიხმართ ამ პარკებს ქსელებში, ესეც ასე იქნება", - აცხადებს “ლანჩ გრუპის” გენერალური დირექტორი ნინო მელაძე.

ცნობისთვის, 1 აპრილიდან აიკრძალა პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე აკრძალულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები