ვიდეოკამერით მეთვალყურეობა თანამედროვე ქალაქების განმსაზღვრელი მახასიათებელი ხდება, თუმცა მონიტორინგის დონე სხვადასხვა ურბანულ ცენტრში მნიშვნელოვნად განსხვავდება.
მაგალითად, ლოს-ანჯელესში კამერების რაოდენობა 46,000-ს აღემატება, ხოლო ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში დაახლოებით 900,000-ია. Visual Capitalist-ის ვიზუალიზაცია აფასებს მსოფლიოს დიდ ქალაქებს CCTV კამერების რაოდენობის მიხედვით. Comparitech-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ის გვიჩვენებს, თუ სად არის მეთვალყურეობა ყველაზე მეტად კონცენტრირებული.
იმ ფონზე, როცა მთავრობები და მუნიციპალიტეტები უსაფრთხოებისა და "ჭკვიანი ქალაქის" ინიციატივებისთვის მეთვალყურეობას აფართოებენ, ეს რეიტინგი გვთავაზობს სურათს, თუ სად არის კამერების სიმჭიდროვე და საჯარო მეთვალყურეობა დღეს ყველაზე მაღალი.
ქალაქები ვიდეოკამერების ყველაზე დიდი რაოდენობით
ჩინეთის კონკრეტული ქალაქების შესახებ მონაცემები მიუწვდომელია მთავრობის საიდუმლოების გამო. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ჩინეთში ერთ სულ მოსახლეზე 494 კამერა მოდის, რაც ნიშნავს, რომ თითქმის ყოველ ორ ადამიანზე ერთი კამერა მოდის.
დასავლეთში ყველაზე მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ქალაქი ლონდონია, რომელიც საერთო რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებს.
| ქალაქი | ქვეყანა | CCTV კამერების რაოდენობა | კამერების რაოდენობა ყოველ 1000 ადამიანზე | |
|---|---|---|---|---|
| 1 | ჰაიდერაბადი | ინდოეთი | 900,000 | 79 |
| 2 | ბანგალორი | ინდოეთი | 585,300 | 41 |
| 3 | ლაჰორი | პაკისტანი | 410,300 | 28 |
| 4 | დელი | ინდოეთი | 313,300 | 9 |
| 5 | ინდორე | ინდოეთი | 251,500 | 72 |
| 6 | მოსკოვი | რუსეთი | 250,000 | 20 |
| 7 | სეული | სამხრეთ კორეა | 243,400 | 24 |
| 8 | სტამბული | თურქეთი | 179,000 | 11 |
| 9 | მეხიკო-სითი | მექსიკა | 136,900 | 6 |
| 10 | ლონდონი | გაერთიანებული სამეფო | 131,900 | 13 |
სამეთვალყურეო ინფრასტრუქტურის ზრდა
2022 წლიდან კამერების რაოდენობა ჰაიდარაბადში 104%-ით, მოსკოვში 17%-ით და ლონდონში 3.6%-ით გაიზარდა.
ამავდროულად, ეს სისტემები სულ უფრო ხშირად იყენებენ მანქანური სწავლების ალგორითმებს პატერნების (მოდელების) ამოსაცნობად, პროფილების ავტომატიზაციისა და "საეჭვო აქტივობის" გამოსავლენად.
კამერების უზარმაზარი ქსელები მთავრობებს არა მხოლოდ საგზაო მოძრაობის ან პარკირების წესების დარღვევების გამოვლენის საშუალებას აძლევს, არამედ წვდომას უზრუნველყოფს ადამიანების გადაადგილებაზე, რაც ხელოვნური ინტელექტით (AI) მართული მონიტორინგის ეპოქაში კონფიდენციალურობისა და მონაცემთა შეგროვების შესახებ კითხვებს აჩენს.
თბილისი - საქართველო
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 8,886 ვიდეოკამერაა განთავსებული, მათ შორის 6,371 ზოგადი ხედვის, ხოლო 2,515 – ავტომობილის ნომრის ამომცნობი.
მათგან თბილისში ზოგადი ხედვის 2,814 და ნომრის ამომცნობი 425 კამერაა განთავსებული, სულ 3,239.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს თბილისში სულ 332 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა იყო დამონტაჟებული, 2024 წელს კი უკვე - 2635.
ნომრის ამომცნობ კამერებთან ერთად, მათი რაოდენობა 3039 იყო, ანუ ყოველ 1000 მოსახლეზე - 2.




























