ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ვებინარების სერიას “პასუხისმგებლიანი ბიზნესი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის” აგრძელებს.
როგორც ფედერაციაში ამბობენ, მათთან 70-მდე წარმატებული ბიზნესლიდერი ქალია გაერთიანებული, რომლებიც თავიანთი კომპანიების მაგალითზე, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგნლებს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ვებინარების ფორმატში ატარებენ სხვადასხვა სახის შეხვედრებს, ვორქშოფებს, ქოუჩინგს, ტრენინგს ისეთ თემებზე, როგორიცაა „კრიზისის მართვა“, „შრომის ინსპექცია და რეგულაციები“, „მოლაპარაკების უნარები“, „ლიდერობა“, “ქოუჩინგი” და ა.შ.
აღნიშნული ვებინარების მიზანია მსოფლიო კრიზისულ პერიოდში ქალ ბიზნესლიდერთა პიროვნული და საქმიანობის განვითარების წახალისება და ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა 10 შეხვედრა და 20-მდე ვებინარი სხვადასხვა თემაზე.
აღსანიშნავია, რომ ვებინარები ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ბიზნესლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება და დაახლოებით 30 სხვადასხვა თემას და საკითხს მოიცავს.