მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქალები მომავლისთვის” დელეგაციამ “ქალთა ეკონომიკურ ფორუმში” მიიღო მონაწილეობა

ქალები მომავლისთვის
24.11.23 08:54
331

ბიზნესფედერაციამ “ქალები მომავლისთვის” G100-ის ფარგლებში გამართულ “ქალთა ეკონომიკურ ფორუმში” მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება წელს იტალიის დედაქალქაში, რომში 21-23 ნოემბერს გაიმართა, სადაც “ქალები მომავლისთვის” წევრები დელეგატებად იყვნენ მიწვეული.

სამდღიან ფორუმს ესწრებოდნენ მონაწილეები და სპიკერები მთელი მსოფლიოდან, მათ შორის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები ბიზნესის სხვადასხვა სფეროდან, ქალთა და სხვა ტიპის ორგანიზაციებიდან, საერთაშორისო ექსპერტები და ა.შ. წელს ღონისძიების მთავარი თემა გენდერული თანასწორობის საკითხების წინ წამოწევა და ამ გზით მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა იყო.

ფორუმის ფარგლებში დელეგატებს უმასპინძლა იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ, ბიზნესფედერაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ ასევე შეხვედროდნენ “ქალთა ეკონომიკური ფორუმის” დამფუძნებელსა და პრეზიდენტს ჰარბენ აურორა რაის; ასევე კიარა კორაცას, რომელიც ქალების გაძლიერებაზე მომუშავე გაერთიანების G20 EMPOWER-ის წარმომადგენელია საფრანგეთში.

ქალთა ეკონომიკური ფორუმი (WEF) გლობალური ინიციატივაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში და ემსახურება ქალებს შორის საქმიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას და თანამშრომლობას მთელ მსოფლიოში.

აღნიშნული ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად ტარდება G100-ის ფარგლებში. „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე გავლენიანი ქალების გაერთიანების წევრია საქართველოდან. ის ორგანიზაციაში კორპორაციული საბჭოების მიმართულებით არის ჩართული, წარმოადგენს საქართველოს და ქვეყნის თავმჯდომარის თანამდებობა უჭირავს ამ დარგში.

თავად G100 კი არის 100 ლიდერი ქალისგან შემდგარი გლობალური ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობს 100 გლობალურ ფრთას - ეფექტური ადვოკატირებისთვის, ცნობიერების ამაღლებისთვის, მთავრობებზე გავლენისთვის და ორგანიზაციებში გენდერულად თანაბარი მომავლის შექმნისთვის. G100 აერთიანებს ნობელის პრემიის ლაურეატებს, სახელმწიფოს მეთაურებს, მინისტრებს, ბიზნესლიდერებს, ფილანტროპებს, ინვესტორებს, მეწარმეებს, აღმასრულებელ დირექტორებს, კორპორაციულ და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს ყველა დონიდან, რომელთაც სურთ პროგრესი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები