მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქალების ჩართულობა პოლიტიკაში ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე მაღალი 2018 წელს იყო"

5c3611f2db045
ელენე კვანჭილაშვილი
09.01.19 20:19
959
„ქალების ჩართულობა პოლიტიკაში ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე მაღალი 2018 წელს იყო“ – ასეთია ანალიტიკური კვლევითი კომპანია The Economist Intelligence Unit-ის დემოკრატიის ინდექსის კვლევის ერთ–ერთი შედეგი, რომელსაც ჟურნალი The Economist აქვეყნებს.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში, დემოკრატიის ინდექსის 60 ინდიკატორიდან ყველაზე მეტად ქალების პოლიტიკური ჩართულობის კომპონენტი გაუმჯობესდა. ფორმალური და არაფორმალური ბარიერები, მათ შორის, დისკრიმინაციული კანონები და სოციოეკონომიკური წინაღობები – ნელ–ნელა სუსტდება“, – აღნიშნავს The Economist.

დემოკრატიის ინდექსი ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ასეთი დრამატული ზრდა შეიძლება ნაწილობრივ განპირობებული იყოს შეფასების მოდელით გათვალისწინებული დაბალი ზღვრის გამოც, რაც თავის მხრივ, ასახავს ქალთა დაბალი ჩართულობის ისტორიულ რეალობას.

2018 წლის შემდეგ, კვლევის მოდელში ეს ზღვარი შეიცვლება და ამის მიზეზი ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების დროს ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ახალი რეკორდია.

კვლევის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების თითქმის ნახევარი – ქალების პოლიტიკური ჩართულობის გასაზრდელად კვოტირების სისტემას იყენებს, 2018 წელს ამ კუთხით საუკეთესო შედეგის მისაღწევად კვოტირება საერთოდ არ გახდა საჭირო. ამერიკის შეერთებულ შტატებში კვოტირების სისტემა არ არსებობს.
„მიუხედავად იმისა, რომ კვოტირების თემა თვითონ გახდა საკამათო, როგორც ზოგიერთი მიიჩნევს, თავისი არადემოკრატიული ბუნების გამო, სისტემა მაინც წარმატებული აღმოჩნდა საკანონმდებლო დონეზე ინკლუზიურობის ზრდის თვალსაზრისით და ამ პრაქტიკას სულ უფრო მეტი ქვეყანა იყენებს“, – წერს The Economist–ი და მაგალითად, მოჰყავს იაპონია, სადაც 2018 წელს ახალი კანონმდებლობა შემუშავდა, რომელიც საპარლამენტო სიების შედგენისას ქალი კანდიდატების თანასწორობის წახალისებას ისახავს მიზნად ოღონდ ნებაყოფლობით – ისე, რომ ამ წესის დაუმორჩილებლობა სანქციებს არ ითვალისწინებს.

თუმცა, მეორე მხრივ, The Economist–ი იმასაც წერს, რომ „2018 წელს ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ყველაზე დრამატული ზრდის შემთხვევაში, კვოტირება საერთოდ არ გახდა საჭირო: 2018 წლის შუალედურ არჩევნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესში ქალთა ჩართულობამ ყველა დროის ყველაზე მაღალ დონეს – 20.3%-ს მიაღწია. მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი სრულიად საკმარისია იქცეს ახალ ზღვრად, რომელიც ჩვენს მოდელში გაზომავს, თუ რამდენად ინკლუზიურია ან პირიქით, დისკრიმინაციულია კანონმდებლობა გენდერული თვალსაზრისით“ – აღნიშნავს The Economist–ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები