მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქალთა დასაქმების ფორუმში 40-ზე მეტი კერძო კომპანია მიიღებს მონაწილეობას და სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე ვაკანსიას შესთავაზებს"

სს
06.03.24 23:15
627

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ქალთა დასაქმების ფორუმს მართავენ. ინფორმაციას გაეროს ქალთა ორგანიზაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებაში 40-ზე მეტი კერძო კომპანია მიიღებს მონაწილეობას და სამუშაოს მაძიებელ ქალებს 300-მდე ვაკანსიას შესთავაზებს.

"ფორუმის პარალელურად, ექსპო ჯორჯიაში მოეწყობა სახელმწიფო სერვისების კუთხეც, სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, ქალებზე ორიენტირებულ პროგრამებსა და მომსახურებებს გაეცნონ. მათ შორის იქნება შრომის ინსპექცია, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო და ა.შ. ფორუმი ხელს შეუწყობს ქალთა ფორმალურ სექტორში დასაქმებას, ბიზნესისთვის ახალი კადრების მოძიებასა და სახელმწიფო სერვისების ცნობადობის გაზრდას.

ღონისძიება 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს ეძღვნება. აღსანიშნავია, რომ წელს ქალთა საერთაშორისო დღის მთავარი გზავნილი „გაზარდე ინვესტიციები ქალებისთვის, დააჩქარე პროგრესი“ აქცენტს სწორედ ქალების პოტენციალსა და შესაძლებლობებში ინვესტირების მნიშვნელობაზე აკეთებს, მოუწოდებს ყველას, გააერთიანონ ძალისხმევა გენდერული თანასწორობის მიღწევის, დემოკრატიული საზოგადოებებისა და სამართლიანი ეკონომიკის მშენებლობისთვის.

ქალთა დასაქმების ფორუმი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ნაწილია, რომელიც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ პროგრამა, რომელიც საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება, საქართველოში სწორედ ქალთა დასაქმების ფორუმით იხსნება. ინიციატივა მიზნად ისახავს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის პარალელურად, სამივე ქვეყანას ხელი შეუწყოს კონფლიქტების პრევენციის, მედიაციისა და დემოკრატიის მდგრადობის გაძლიერებაში.

პროგრამა საქართველოში ინკლუზიური მმართველობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ემსახურება. ის ყურადღებას ამახვილებს ქალების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და ამ მიზნით, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სამეწარმო უნარების მხარდაჭერაზე. ასევე, ინიციატივა, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე, წარმოაჩენს ქალების უმნიშვნელოვანეს როლს კონფლიქტების პრევენციის, გადაჭრისა და მდგრადი მშვიდობის მშენებლობაში", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები