მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქაოსი ავტოსადგურებზე - რატომ ხუჭავს მთავრობა თვალს ე.წ. "ხიშნიკების" არსებობაზე?

5ccb0168eb998
თათია ჩაფიჩაძე
03.05.19 00:10
1715
„მთავრობები იცვლებიან და ავტოსადგურებში არსებული სიტუაცია არ ლაგდება“, - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ გაერო-ს ექსპერტმა ტრანსპორტის და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გელა კვაშილავამ მგზავრთგადაყვანისა და ავტოსადგურების მოწესრიგების საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კვეშელავას განცხადებით, წლებია, ხელისუფლება აღურიცხავი სატრანსპორტო საშუალებების გამო ბიუჯეტში კოლოსალურ თანხებს კარგავს, რეფორმის გატარებას კი, მრავალი დაპირების მიუხედავად, არ ჩქარობს.

„სატრანსპორტო ჰაბის და ტურისტული ცენტრის გახდომაზე საუბარიც კი, სასაცილოა იქამდე, ვიდრე სანამ ეს პრობლემა არ მოწესრიგდება. დღეს სადგურების დიდი ნაწილი არის მესამე კლასის, რაც ნიშნავს რომ მის გასახსნელად ფაქტობრივად არაფერი არ არის საჭირო, ერთი ოთახის გარდა. გაუგებარია, რა უშლის სახელმწიფოს ხელს, მითუფრო იმ ფონზე, როცა არასამართლიანი წესების გამო ბიუჯეტი უამრავ თანხას კარგავს.

ერთი მხრივ, პრობლემა სახელმწიფოს დონეზე მწვავედ აღქმული არ არის. მეორე მხრივ, ალბათ შიშია იმისაც, რომ რეფორმები სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს. ფასების მატებაზეც მიდის საუბარი, რაც არასწორია.

რეფორმა დაადგენს წესებს, მგზავრობის განრიგს, უსაფრთხოებას, მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც სასარგებლო იქნება როგორც მგზავრებისთვის, ასევე - სახელმწიფოსთვის. საქართველოში მგზავრთგადაყვანა 95% შემთხვევაში ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი. ამაზე კონტროლი ცალსახად ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

ინსტიტუციური პრობლემებია, ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩო უნდა მოწესრიგდეს. მე როგორც ინვესტორი, ფულს თუ ჩავდებ, უნდა ვიცოდე რომ გარეთ სხვა უკანონოდ თუ დადგება ვინმე, დაჯარიმდება“, - მიიჩნევს კვაშილავა.

თავის მხრივ, რეფორმის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ ავტოსადგურის წარმომადგენლები. კერძო ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ თუკი დარგი კანონს არ დაექვემდებარება, წესრიგი ვერ დამყარდება. დამატებითი ინვესტიციების განხორციელაბზე კი, „დიდუბის ავტოვაგზალის“ ხელმძღვანელობა მზადყოფნას კანონის ამოქმედების შემთხვევაში გამოთქვამს.

მოქმედ ავტოსადგურებზე ზედამხედველობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ევალება.

გეგმებთან დაკავშირებით „საქმიან დილასთან“ უწყებაში კომენტარი არ გააკეთეს.

ავტოსადგურების ლიცენზირებასა და ამ მიმართულებით შესაბამისი კანონის მიღებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ბოლო კომენტარი ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, საქალაქთაშორისო გადაყვანების თვალსაზრისით კომპლექსური რეფორმა იწყება, რომელიც შეეხება როგორც - ავტოსადგურებს, ისე - გადამყვან კომპანიებს.

„დაწესდება ახალი სტანდარტები თუ როგორი უნდა იყოს ავტოსადგურების იერსახე და ავტოგადამყვანებში მომსახურების დონე. სამინისტრო რეფორმის სტანდარტებს და საგზაო რუკას უკვე საზღვრავს, ხოლო რეფორმის დანერგვა მომდევნო ორ წელს მოიცავს“, - აცხადებდა ქობულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები