მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქაოსურმა განაშენიანებამ სულ სხვა ყაზბეგი დახატა“ - რა პრობლემებს ქმნის კურორტების არასწორი განაშენიანება?

რუმსი

Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ჩეხერიას შეფასებით კურორტების უკონტროლო მშენებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს იაფფასიან დასასვენებელ ქვეყნად აქცევს, სადაც განვითარებული, ევროპელი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. ამის შესახებ მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ საქართველოს კურორტებზე არსებულ ქაოსურ განაშენიანებაზე საუბრისას განაცხადა.

„ყაზბეგში ქაოსურმა განაშენიანებამ დღეს სხვა ყაზბეგი დახატა, ვიდრე ეს იყო მაშინ, როცა ჩვენ შევედით. მაგალითად, ის ადგილი, სადაც ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლია და ყაზბეგის მთა ჩანდა, დღეს არსებული განაშენიანების გამო აღარ ჩანს. ყოველ კუთხეში რაღაცა ტიპის სასტუმროა ჩადგმული. ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე არქიტექტურულად ამას მე ვერ შევაფასებ, თუმცა ურბანულადაც არასწორია. ასეთი ტიპის გადაწყვეტები ნამდვილად შეაფერხებს მაღალმხარჯველუნარიან ტურისტს, რომელიც შენთან მოდის იმისთვის, რომ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა ნახოს. ნახოს ის სილამაზე რაც საქართველოს აქვს, დაბალი სახლები, სახურავები, სუფთა გარემო და არა ყველგან ცემენტი. ეს ისეთ სტუმარს მოგვიყვანს, რომლისთვისაც საქართველო იაფიანი დასასვენებელი ადგილი იქნება, რაც ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო როგორც პროდუქტი ისე გავყიდოთ. ის სილამაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს დავანახოთ და შევაყვაროთ სტუმარს, რომ განმეორებით ჩამოვიდეს და მეტად განვვითარდეთ", - აცხადებს ვალერი ჩეხერია და ამის კარგ მაგალითად საქართველოში აბასთუმანი მოყავს: "აბასთუმანში ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ სახელმწიფოსთან იმისთვის, რომ იგივე არ დაემართოს, რაც ბაკურიანს, გუდაურს თუ ყაზბეგს. სწორედ ხდება ანალიზი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს გენგეგმა, როგორი სახის ტრანსპორტს შეიძლება შედიოდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იქამდე, ვიდრე ვიტყვით, რომ კურორტი გაიხსნება.

ჩვენ ძალიან ვცდილობთ, რომ იმ იერსახეში ჯდებოდეს, რომელიც იქ არის. არ იყოს ამოვარდნილი, ყაზბეგის შემთხვევაში ისტორიაც შევისწავლეთ და იგივე აღვადგინეთ. აბასთუმანშიც იყო ულამაზესი სანატორიუმი, ამიტომ იდენტობა შენარჩუნებული ექნება.

განაშენიანება უნდა მოხდეს, თუმცა ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ნორმები. მაინცდამაინც ქალაქის ცენტრში არ უნდა მოხდეს ამის თავმოყრა, არის ასათვისებელი ხრიოკი ადგილები, გარეუბნები, რომელიც ძალიან კარგად შეიძლება აითვისო და მერე ჩაკეტო ცენტრი“, - ამბობს ჩეხერია.

„რუმს ჰოლდინგში“ აცხადებენ, რომ ქაოსურად განაშენიანებული კურორტების მიმართ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან ინტერესი მცირეა. ჩეხერიას თქმით, მათი სამომავლო გეგმებიც მხოლოდ „დაუზიანებელი“ კურორტების მიმართ არსებობს.

„ეს ახდენს გავლენას როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ ინვესტორებზე, რომლებიც გრძელვადიანი ინვესტიციების გაკეთებას ფიქრობენ. ჩვენი ჯგუფი ისეთ კურორტებზე, რომელიც დაზიანებულია ცდილობს არ შევიდეს. დღეს მსოფლიოში მოგზაური მაქსიმალურად ისეთ ადგილებს ეძებს, სადაც განმარტოვდება, მართლა დაისვენებს, თუ უნდა მუსიკა და ხმაური, იცის სად არის ასეთი ადგილი.

ძალიან კარგია, რომ აბასთუმნის შემთხვევაში სახელმწიფო ამაზე თანხმდება. საუბარია, ელექტრო მანქანებზეც... მართლა დასასვენებელი, ბალნეოლოგიური კურორტი უნდა შეიქმნას, სადაც იცი, რომ სუფთა ჰაერი, საკვები და ა.შ. დაგხვდება“, - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები