დღესდღეობით, საქართველოში არაერთი წარმატებული სტარტაპია, მათი წარმატება კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ქართულ ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია კომპანია „ქარელის ხილის“ მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც მომხმარებელს ჩირისა და მსგავსი პროდუქტების ნაირსახეობას სთავაზობს. კომპანიის მზარდი პოპულარობა დიდწილად იმითაა განპირობებული, რომ მისი მთავარი პრიორიტეტია 100%-ით ნატურალური პროდუქტის დამზადება.
აღსანიშნავია, რომ საწარმო უპირატესობას ადგილობრივ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს ანიჭებს.
კომპანია “ქარელის ხილი” ადგილობრივ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს ბრენდ „ჩიკორის“ სახელით სხვადსხვა ხილის ჩირს სთავაზობს.
კომპანიის საქმიანობის პრინციპების, მისი პროდუქციის მოთხოვნადობის მიზეზებისა და სამომავლო გეგმების შესახებ bm.ge “ქარელის ხილის” მარკეტინგის მენეჯერს, სანდრო მათიაშვილს ესაუბრა.
- როგორ მუშაობს საწარმო? მხოლოდ ადგილობრივ პროდუქტებს იყენებთ?
ჩვენი საწარმო ქარელის რაიონში, სოფელ სამწევრისში, მდინარე ძამას ხეობის ეკოლოგიურად სუფთა მიდამოებში მდებარეობს. ჩვენ მიერ გამოყენებული ნედლეული, ძირითადად, ადგილობრივი ფერმერების მიერ ქარელში, გორსა და ბაღდათში მოყვანილი ხილია. მიგვაჩნია, რომ ერთეულ საწარმოებს ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაში. გარდა ამისა, გვაქვს 25 ჰექტარზე გაშენებული საკუთარი ხეხილის ბაღი.
- რამდენი ადამიანია საწარმოში დასაქმებული?
საწარმოში 35 ადამიანია დასაქმებული, უმეტესობა ქარელის რაიონის მცხოვრებია, სოფელ სამწევრისიდან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ დასაქმებულთა უმრავლესობა ქალია. მათი როლი ძალიან დიდია, როგორც წარმოებაში, ასევე, პროდუქციის გაუმჯობესებაში თუ ახალი პროდუქტის შექმნისას.
ყოველი შეფუთვის უკან დგას ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მას ქმნის. გვეამაყება, რომ ჩვენი პროდუქტის შეძენისას ფასდება ჩვენი ერთგული, ძალიან მშრომელი და შემოქმედებითი გუნდის ღვაწლი. ჩვენ გვსურს, მომხმარებელმა იგრძნოს, რომ „ჩიკორის“ პროდუქტს ადამიანები ქმნიან.
- როგორ მოიძიეთ ბიზნესის დაწყებისათვის საჭირო კაპიტალი?
კომპანიის პირველადი საინვესტიციო კაპიტალის მოძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში მოხდა. კომპანიაში ინვესტირებულია სულ მილიონ ლარამდე, საიდანაც ნახევარი სახელმწიფო გრანტით დაფინანსდა. ამჟამად, მიღებულია გადაწყვეტილება კაპიტალის კიდევ 500 000 ლარით გაზრდაზე, რაც ერთი თვის განმავლობაში განხორციელდება.
- რითაა თქვენი კომპანია სხვა მსგავსი პროფილის მქონე კომპანიებისაგან გამორჩეული და რით იწვევს მომხმარებელთა განსაკუთრებულ ნდობას?
ჩვენს კონკურენტულ უპირატესობას განაპირობებს პროდუქტის ხარისხი და ნატურალურობა, ასევე, მოსახერხებელი შეფუთვა. აღნიშვნის ღირსია საწარმოს ტექნიკური მხარე და მაღალი სტანდარტის შესაბამისი საწარმოო პირობები.
- თქვენი დაკვირვებით, საწარმოს მიერ წარმოებული რომელი პროდუქტია მომხმარებლებს შორის მეტად პოპულარული და რატომ?
ყველაზე მოთხოვნადი ქლიავის ჩირია. თუმცა ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს შოკოლადში ამოვლებული ლეღვის, გარგარის და ქლიავის ჩირი. განსაკუთრებით ახლა, წინასაახალწლო პერიოდში გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ დეფიციტურიც კია.
- როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი კომპანიის წარმატების მთავარი ფორმულა და რას ურჩევდით დამწყებ, ნაკლები გამოცდილების მქონე მეწარმეებს წარმატების მისაღწევად?
წარმატების ფორმულა ადამიანებშია - ერთი მხრივ, ადამიანები, რომლებიც ქმნიან ჩვენ პროდუქტს და მეორე მხრივ, ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ მას. ჩვენი მისიაა, შევქმნათ ნამდვილი პროდუქტი, რომელიც არასოდეს შეიყვანს მომხმარებელს შეცდომაში. ნაკლები გამოცდილების მქონე მეწარმეებს ვურჩევდით, თავად გაიაზრონ მათი პროდუქტის/ბიზნესის მნიშვნელობა სამყაროსთვის და მხოლოდ მარტივ კითხვაზე „რა სარგებელი მოაქვს ჩემს საქმეს პლანეტისთვის“? პასუხის გაცემის შემდეგ დაიწყონ სასურველი საქმიანობა.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? რა სიახლეების შეთავაზებას გეგმავთ მომხმარებლისათვის?
ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს ახალი პროდუქტის შექმნაზე. ვფიქრობთ, არც ისე შორ მომავალში, „ჩიკორის“ ბრენდის ქვეშ მომხმარებლისთვის ახალი, საინტერესო პროდუქტები გამოჩნდება. ასევე, ვფიქრობთ განსხვავებული შეფუთვის შეთავაზებაზე, რაც ჩირის დიდი რაოდენობით მომხმარებლებისათვის მეტად ხელსაყრელი იქნება. გარდა ამისა, დაგეგმილია საექსპორტო წილის ზრდა.
- რას ეტყოდით ერთგულ მომხმარებლებს?
დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ქმნით ბრენდს, რომელიც ქართულ საქმეს აკეთებს. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა, მუდმივი კომუნიკაცია და დიდი სტიმული, რომელსაც თქვენთან თანამშრომლობა გვაძლევს. კომპანიის ერთგული მომხმარებლებისათვის მხოლოდ მადლობა გვეთქმის. გპირდებით, რომ მომავალში კიდევ ბევრი ახალი, ნატურალური და გემრიელი პროდუქტით გაგანებივრებთ.

























