გორში მდებარე ქარის ელექტროსადგურის აქციების წილის საჯარო რეალიზაციისთვის მზადება დაიწყო. შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ საბროკერო მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 210 ათასი ლარია გათვალისწინებული. სატენდერო პირობების მიხედვით, ბროკერმა უნდა უზრუნველყოს აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისათვის აუცილებელი ყველა კვლევის და ანალიზის ჩატარება, ამასთან კონსულტირება და აქციების ემისიის პროცესის მომზადება.
როგორც bm.ge-ს "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, თორნიკე ყაზარაშვილმა განუცხადა, ბროკერმა უნდა დაადგინოს აქციების საბაზრო ღირებულება, რა ნომინალის აქციები გამოვა და რა რაოდენობის. მისი გათვლით, ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფინდო ბირჟაზე, უკვე სექტემბრისთვის უნდა გამოვიდეს სარეალიზაციოდ.
ქარის ელექტროსადგურის აქციების საფონდო ბირჟაზე გამოტანისა და გაყიდვის ინიციატივით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშილი გასულ წელს გამოვიდა. მან საქართველოს მოქალაქეებს აქციების შეძენისკენ მოუწოდა.

























