მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქარის ენერგიის სრულად ათვისების შემთხვევაში, გვაქვს პოტენციალი მოხმარების 15-20% ქარის ენერგიისგან მივიღოთ"

5808cfa55d1e0
BM.GE
20.10.16 18:00
2389
ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში ხელისუფლებამ ქარის პირველი ელექტროსადგური ააშენა. ქართლის ქარის ელექტროსადგური ხელს შეუწყობს მთავრობის სტრატეგიას, რომელიც დაბალ ემისიანი გენერაციის განვითარებას და ზამთრის სეზონზე ქვეყნის მოთხოვნის ნაწილის ქარის ენერგიით დაკმაყოფლებას ითვალისწინებს, - თემაზე ’’საქმიან დილასთან“ ქარის ელექტროსადგურის ’’ქართლი“ დირექტორი თორნიკე კაზარაშვილი საუბრობს.

- ბატონო თორნიკე, ცნობილია, რომ ქარის პირველი ელექტროსადგური ნოემბრამდე სატესტო რეჟიმში იმუშავებს, შემდეგ კი უკვე მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის შეყვანა მოხდება მთლიან ენერგოსისტემაში. არის თუ არა უკვე გადაწყვეტილი ეს თარიღი?

- ამ ეტაპზე ქვესადგურების და შიდა შეერთების კაბელების ტესტირებები მიმდინარეობს და 2 ნოემბერს დაგეგმილია, რომ ტესტირება გადამცემ ხაზთან დავიწყოთ. ეს დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდება, მაგრამ ტესტირების პერიოდში გამომუშავებული ელექტროენერგია სრულად მიეწოდება ენერგოსისტემას და უკვე დეკემბერში დაგეგმილია, რომ ელექტროსადგური სრულ ექსპლოატაციაში შევიდეს.

- სატესტო რეჟიმმა რა აჩვენა, აღნიშნულ სადგურს რა შესაძლებლობები ექნება?

- რა გენერაციასაც ველოდებოდით, რა სირთულეებსაც შეიძლებოდა, რომ თავი ეჩინა და რა უპირატესობებიც შესაძლოა ყოფილიყო - ეს ყველაფერი ტესტირებებმა აჩვენა. სრულად გამართლებული იყო ადგილის შერჩევა. ასევე ზუსტი ტექნოლოგიის შერჩევა მოხდა, ეს არის უახლესი ტურბინები.

- ენერგეტიკა ის სფეროა, რომლითაც ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორები განსაკუთრებით ინტერესდებიან. რატომ არ გახდა ქარის ელექტროენერგიის გამომუშავება კერძო ინვესტორების ინტერესთა სფერო ამ ეტაპზე, რას ელოდებიან ისინი?

- რეალურად ისისნი ელოდებოდნენ, თუ როგორ გაამართლებდა საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ გაიზიარა ბიზნესმა ის რისკი, რა რისკიც სახელმწიფომ გაითვალისწინა?

- ადრეც მიდიოდა ამაზე საუბარი, ძალიან ბევრი ინვესტორი იყო დაინტერესებული საქართველოში ქარის ელექტროსადგურის პროექტი გაეხორციელებინა, მაგრამ გარკვეული ეტაპის განმავლობაში ისინი თავს იკავებდნენ, რადგან ჯერ პირველი პრეცედენტი არ იყო და შეიძლება რაღაც საფრთხე გამოკვეთილიყო თუნდაც ტარიფის, ან სახელმწიფოს კუთხით. აღმოჩნდა, რომ ეს რისკები რეალურად არ არსებობს. საქართველოში არის ადგილები, სადაც ქარის ენერგიის ათვისება შეიძლება და რაც მთავარია შსაძლებელია ის რენტაბელური იყოს.

- სხვა რეგიონებს რაც შეეხება, სად შეიძლება ეს პოტენციალი ავითვისოთ?

- მაგალითად, შიდა ქართლში არის რამდენიმე კარგი ადგილი, სადაც ჩვენ 100 მგვტ-იანი პროექტი გვაქვს და ამ ეტაპზე კვლევები მიმდინარეობს. ეს არის გორი 20 მგვტ-ის გაფართოვება იმავე ტერიტორიაზე. ასევე ”ჩალიკ ენერჯი”, რომელთანაც 2 პროექტი გავქვს ნიქოზიში 40 მგვტ-ის და იმერეთის რეგიონში სოფელ საჩხერეში 120 მგვტ-ის და რეალურად საქართველოს პოტენციალი აქვს 1000 მგვტ-დან 12000 მგვტ-მდე სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურები ააშენოს.

- ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ განახლებადი ენერგიები ავითვისოთ. მაგალითად, 2014 წლის მაჩვენებლით, ევროპის მაგალითზე ქარის ელექტროსადგურით გამომუშავებული ენერგიის 14 % უკვე ათვისებული იყო. საქართველოს შემთხვევაში რა მასშტაბებზე შეიძლება ვისაუბროთ?

- თუ ჩვენ ქარის ენერგიას სრულად ავითვისებთ, რეალური პოტენციალი არის იმის, რომ სრული მოხმარების 15%-20% თვითონ ქარის ენერგიამ დააკმაყოფილოს. გარდა ამისა, ასოცირების ხელშეკრულებით, ევროკავშირში ასეთი პრინციპი იყო, რომ 2020 წლისთვის ევროკავშირი სრული მოხმარების 20% ათვისებული უნდა ყოფილიყო განახლებადი ენერგიებიდან. ჩვენც პრეცედენტი უკვე ვაჩვენეთ, დავიწყეთ პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც უკვე დავასრულეთ და გაფართოვების რეჟმში გადავდივართ. ასევე უკვე მზის ენერგიის ათვისებას ვიწყებთ.

- ქარის ელექტროენერგიის პროექტები რამდენად ჯდება საქართველოს ელექტროსისტემის ათწლიანი განვითარების გეგმაში, როგორია თქვენი მოსაზრება?

- ამ ეტაპზე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას იმის პოტენციალი აქვს, რომ დაახლოებით 200 მგვტ-მდე ქარის ენერგია აითვისოს. ათწლიან გეგმეში, რომელიც დამატებითი ხაზების აშნებასა და ქვესადგურების გაუმჯობესებას ითვალისწინებს, რეალურად გათვალისწინებულია, რომ უფრო მეტი სიმძლავრე მიიღოს ელექტროსისტემამ.

- ეკონომიკური ეფექტიანობის კუთხით, თქვენ დაადასტურეთ, რომ პროექტი სრულად რენტაბელურია, ასევე იგი საინტერესოა ბიზნესისთვის და შემოსავლიანია. გეგმავს თუ არა სახელმწიფო მომავალში მის პრივატიზებას, თუ იგი მუდმივად სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება?

- ჩვენ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან ’’ესკო“ ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, რომლის მიხედვითაც, 10 წლის განმავლობაში გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოს ენერგოსისტემას მიეწოდება, ანუ ექსპორტზე არ გავდივართ. გარდა ამისა, ტარიფი საკმაოდ რენტაბელურია. შესაძლებელია, რომ ნებისმიერი ინვესტორი, ვინც ელექტროსადგურით დაინტერესდება, ეს მისთვის მომგებიანი იქნება. ჩვენ სრულად შეგვიძლია 7 წელიწადში ამოვიღოთ ის თანხა რაც პროექტის განსახორციელებლად დაიხარჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები